შოთა აფხაიძე: მაიძულებდნენ, მეთქვა, რომ ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს საპატრიარქოს დავალებით ვაღვივებდით
ზომა
A

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი / 2012 12:00

ტელეკომპანია «კავკასიის» ინციდენტის დროს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და ხულიგნობის ბრალდებით დაპატიმრებული შოთა აფხაიძე დუმილს არღვევს და აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება მხოლოდ უბრალო საბაბი იყო და სინამდვილეში ყოფილი ხელისუფლების პირველ პირებს მისი ნებისმიერ ფასად დაპატიმრება ჰქონდათ განზრახულიციხეში გატარებულ წლებსა და დაპატიმრების რეალურ მიზეზებზე შოთა აფხაიძე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა.


_ ციხის კადრების გავრცელების შემდეგ ნანახმა ქართული საზოგადოება შეძრა. რა ვითარება დაგხვდა ციხეში, როგორ ექცეოდნენ პატიმრებს და პირადად თქვენ მიმართ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ?

_ 7 მაისის ღამეს ქალაქის ცენტრალურ სამმართველოში ჩვენი ნებით გამოვცხადდით _ მე, რატი მაისურაძე, ლევან ჩაჩუა და გიორგი გაბედავა, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში ვერ გაიგეს, რა უნდა ექნათ და როგორ უნდა დავეკითხეთ. დილის 5 საათამდე ასე ვისხედით და ველოდებოდით. შემდეგ, რამდენიმე პირთან ერთად, პროკურორი შემოვიდა და დაიწყეს საუბარი, რომელიც, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს,  საერთოდ ეხებოდა ტელეკომპანია «კავკასიის» ინციდენტს. ძირითადი შეკითხვები ეხებოდა ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის «წინ» _ აქტივობებს, წევრებს, გეგმებს, დაფინანსებას. აინტერესებდათ ჩვენი პოზიცია საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ვინაიდან მაშინ, როცა ყველა ახალგაზრდა ერიდებოდა ამ თემაზე საუბარს, ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთი იყო, რომელიც გამოვიდა და ხმამაღლა თქვა, რომ არ არის საჭირო რუსეთთან კონფრონტაცია და მილიტარისტულ ნოტაზე საუბარი, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება ურთიერთობის მოგვარება. ზუსტად ეს გახდა ჩვენ მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. გვკითხეს, რა კავშირები გვქონდა რუსეთში, იქაურ საზოგადო თუ პოლიტიკურ მოღვაწეებთან და აინტერესებდათ _ ვინ გაგვიყვანა ამ კავშირებზე. მეკითხებოდნენ გაზეთების _ «ასავალ-დასავალისა» და «საქართველო და მსოფლიოს» შესახებ, თუ რა კავშირები გვქონდა აღნიშნულ მედიასაშუალებებთან და როგორ ხდებოდა ჩვენ შორის კოორდინაცია. კვალი, როგორც თავად ამბობდნენ, რუსეთში მიდიოდა...

2009 წელს ჩვენ გავმართეთ რუსეთის პატრიარქის მხარდასაჭერი აქცია, ვინაიდან იმ პერიოდში მასმედიის საშუალებებით აქტიურად მიმდინარეობდა რუსეთის პატრიაქრის აგენტად, კრიმინალად შერაცხვა, რაც ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო, რადგან მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესია ერთი სხეულია და მისი დაყოფა ნაწილებად არ შეიძლება. ამას გარდა, მიუღებელია ნებისმიერი სხვა ქვეყნის სულიერი ლიდერის შეურაცხყოფა, თუ ის არ შემოიჭრება ჩვენი ეკლესიის და ავტოკეფალიის კომპეტენციაში. პატრიარქმა კირილმა კი პირიქით, არ ცნო აფხაზეთისა და ოსეთის ეკლესიები საქართველოს ეკლესიისგან დამოუკიდებლად და ის არ იმსახურებდა ასეთ დამოკიდებულებას.

მეკითხებოდნენ, თუ ვისი დაკვეთით ჩავატარეთ ეს აქცია. აინტერესებდათ, თუ რა მაკავშირებდა ალექსანდრე ებრალიძესთან, ვინაიდან პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე, «ქართველ ხალხთა კონგრესის» მიწვევით მეც ვიმყოფებოდი. მეკითხებოდნენ, მივიღე თუ არა ინსტრუქტაჟი პეტერბურგში.

ამას გარდა, მე მქონდა დაბეჭდილი სტატიები გაზეთ «ჯორჯიან თაიმსსა» და რადენიმე ელექტრონულ გამოცემაში უკრაინის არჩევნებთან დაკავშირებით, რომლებშიც პირდაპირ ვამხელდი გივი თარგამაძეს დოკუ უმაროვთან და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში და აინტერესებდათ ვინ მაძლევდა ფულს და ინფორმაციას.

_ თქვენ ბრალად გედებოდათ ტელეკომპანია «კავკასიაში» ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ხულიგნობა. კითხვები ამის თაობაზე ყოფილა?

_ ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვამთ ამ ინციდენტის შესახებ. დილის 6 საათზე გადამიყვანეს რომელიღაც პოლიციის თანამშრომლის კაბინეტში, მის ვინაობას ვეღარ ვიხსნებ. მან მითხრა, რომ უკვე ბრალი წარმედგინა და ჩემს გაოცებაზე მიპასუხა, რა ვქნა ასეთი დავალება მაქვს «ზემოდანო». შემდეგ შემოვიდა ორი თანამშრომელი, შემომთავაზა, მეღიარებინა ბრალი და მომცემდნენ ქვეყნის დატოვების საშუალებას, ამასთან, რომელ ქვეყანასაც ავირჩევდი, იქ უზრუნველად ვიცხოვრებდი. ვუპასუხე, რომ ამას სიკვდილი მერჩივნა. მაშინ დამემუქრნენ, რომ ეს ბრალდება რომც არ დამტკიცდეს, სხვა ბრალდებით მაინც ციხეში გამოგამწყვდევთო.

ამის შემდეგაც ჯერ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შემიფარდეს, შემდეგ კი გლდანის #8 საპყრობილეში გადამიყვანეს, სადაც ექვსკაციან საკანში 60 კაცამდე ვისხედით. საკანში საშინელი უჰაერობა და ანტისანიტარია იყო. ელემენტარულ ჰიგიენური ნორმები არ იყო დაცული, იქ საჭმლის ჭამაც კი შეუძლებელი იყო და თითქმის მშიერი ვიყავი. ასეთ პირობებში ერთი კვირა ვიმყოფებოდი. აქედან გამანაწილეს დ კორპუსში, 104-ე საკანში. კარანტინის დაშლის დროს, შეურაცყოფას გვაყენებდნენ, საშინლად მცემეს, თავში წიხლები მირტყეს. ამაში მონაწილეობდნენ უსაფრთხოების უფროსი, რეჟიმის უფროსი, ოფიცრები...  საღამოს 9 საათზე დამიძახეს ადმინისტრაციულ შენობაში, დირექტორის კაბინეტის გვერდზე, დამსვეს დიდ დარბაზში, სადაც შემოვიდა ორი პირი და მითხრეს, რომ ჩემზე ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს მე ვიყავი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი და ყველაფერს ვაკეთებდი რუსეთის დავალებით. მედიასივრცეში კოორდინაციას მიწევდა მალხაზ გულაშვილი. ჩვენი შუამავლები იყვნენ _ გულბაათ რცხილაძე და გიორგი ვეკუა, თითქოს ისინი თანხით მამარაგებდნენ. პირდაპირ მითხრეს, რომ უნდა დამესახელებინა, რომ გულბაათ რცხილაძე, იყო ერთ-ერთი კოორდინატორი და მაძლევდა მითითებებს, რომელ თემებზე გავაქტიურებულიყავი. ასევე, საუბარი იყო არჩილ ჭყოიძესა და მის დედაზე, ნანა ჯაფარიძეზე.

მითხრეს, რომ უნდა მეთქვა, თითქოს ჩვენი საქმიანობის შესახებ ყველაფერი იცოდა საქართველოს საპატრიარქომ და რომ ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს საპატრიარქოს დავალებით ვაღვივებდით. უნდა დამესახელებინა, რომ კონკრეტულად, მეუფე იობი, მეუფე ეფრემი, მეუფე დიმიტრი და მეუფე სერაფიმე იყვნენ საქმის კურსში და ეს ყველაფერი რუსეთიდან იმართებოდაეს კეთდებოდა მთლიანად მართლმადიდებლური ეკლესიისა და ამ კონკრეტულ სასულიერო პირთა დისკრედიტაციისთვის. რაზეც მტკიცე უარი ვუთხარი. რადგან პირდად არც კი ვიცნობდი ამ მეუფეებს და მათ ასეთ ბრალს ვერ დავდებდი.

ასევე შემომთავაზეს, რომ დამედანაშაულებინა ალექსანდრე ებრალიძე და მისი ფონდის ხელმძღვანელი ნანა ჯაფარიძე, უნდა მეთქვა, რომ თითქოს მე შევხვდი პეტერბურგში იგორ გიორგაძეს და მან 300 ათასი აშშ დოლარი გადმომცა. ასევე უნდა მეთქვა, რომ კრიმინალური ავტორიტეტებიც იყვნენ გარეულები ამ ყველაფერში. უნდა «მეღიარებინა», თითქოს პეტერბურგში შევხვდი პოლიტოლოგ გრიგორი ტროფიმჩუკს, რომელიც იგორ გიორგაძესთან ერთად ამ ყველაფრის ავტორი იყო, თუმცა სასტიკი უარი განვაცხადე ამ ყველაფერის «აღიარებისგან».

_ წინააღმდეგ შემთხვევაში რას გეუბნებოდნენ, რით გემუქრებოდნენ?

_ პირდაპირ მითხრეს, რომ 35 წელს მომისჯიდნენ და სამშობლოს ღალატისა და რუსეთის ჯაშუშობის მუხლით გამასამართლებდნენ. ამბობდნენ, რომ ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალაც ჰქონდათ და დამიმტკიცებდნენ, რომ ჩემი ახალგაზრდული მოძრაობითა და ამ ახალგაზრდული ბანაკებით შეიარაღებული გადატრიალების მოწყობას ვაპირებდი. ვუთხარი რა უარი, სასტიკად გამისწორდნენ ფიზიკურად. მთელი კამერა სცემეს, ვინც ჩემთან ერთად იყო, ფაქტობრივად დააინვალიდეს ადამიანები. თან ყველას უთხრეს, რომ ჩემ გამო სცემდნენ. შემდეგ გამიყვანეს ცალკე აბანოში, სადაც პატიმრებს სცემდნენ ხოლმე და იქ სერიოზულ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. მაწამებდნენ. 7-8 კაცი მაინც მცემდა ერთად, მერე, როცა გონებას დავკარგავდი, ცივ წყალს მასხამდნენ და მაფურთხებდნენ. ხშირ შემთხვევაში პატიმრებს თავზე აშარდავდნენ კიდეც. ჩემთვის ეს არ გაუკეთებიათ, მაგრამ მემუქრებოდნენ, რომ ასე მომექცეოდნენ.

ცემიდან ორ დღეში ისევ შემოვიდნენ, მოიტანეს ჩემი ორგანზიაციის გეგმა, ფინანსები, რაც ნამდვილად არ იყო საიდუმულო ინფორმაცია და ჩემ წინააღმდეგ მომართულ ბრალდებებს არ ადასტურებდა. საინტერესოა, რომ ეს იყო ჩემი პირადი «ფლეშკებიდან» აღებული ინფორმაცია, რომელიც ჩხრეკის დროს ამოიღეს ქალაქის სამმართველოში. ამ შემთხვევაშიც დაირღვა კანონი, მოხდა ჩხრეკის ოქმის უგულებელყოფა, როცა ჩემი პირადი ნივთები გახსნეს, სასამართლოს დასრულებამდე და გამოძიებისგან ფარულად გამოიყენეს ეს ყველაფერი. როცა ვუთხარი, რომ ეს არაფერს არ ადასტურებდა და ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებდი, მითხრეს, რომ დიდი ხნით გამომამწყვდევდნენ ციხეში, ვინაიდან ამით ხელისუფლების მაღალჩინოსნები, უშუალოდ პრეზიდენტი, შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და გენერალური პროკურორი იყვნენ დაინტერესებულები. ასევე მითხრეს, რომ ამით დაინტერესებული იყო დასავლეთი, რაც მე არ მჯერა, რადგან არც ერთი დასავლური სპეცსამსახური ისე არ დაეცემოდა, რომ ასეთი ადამიანებისთვის, ამ მეთოდებით და ასეთი სულელური ბრალდებით დაევალებინა საქმის შესრულება. 

მესამე დღეს ისევ სასტიკად მაწამეს. ამ ყველაფერს ოლეგ ფაცაცია და ყაჭეიშვილი ხელმძღვანელობდნენ, დაახლოებით ოცი კაცი მცემდა. რკინის მილით მცემდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ის ხელი მქონდა მოსატეხი, რომლითაც სტატიებს ვწერდი და მართლაც მომტეხეს ხელი. შემდეგ ამბობდნენ, რომ მოდი თავზე დავაშარდოთ, ფოტოები გადავუღოთ და «ლუბიანკაზე» გავუგზავნოთ მის უფროსებსო. ეს წამება ოცი წუთი გრძელდებოდა. როცა გონებას ვკარგავდი, წყალს მასხამდნენ და ისევ ცემას აგრძელებდნენ. სააკაშვილი არ გინდათ, აბა, უკეთესი ვინ გინდათ, ხელისუფლებაში მოვიდესო, მეუბნებოდნენ.

მას შემდეგ, რაც ჩემთან შემოვიდა ჩემი ადვოკატი მანანა კობახიძე და  ვუთხარი, რომ ჩემზე ზეწოლა ხორციელდებოდა, როცა უკვე მედიაშიც  გავრცელდა ჩვენი წამების შესახებ ინფორმაცია, უკვე შეარბილეს ტონი და საპროცესო გარიგებაც შემოგვთავაზა გამომძიებელმა, რაზეც ისევ უარი მიიღეს და სრულიად უკანონოდ 4-ნახევარი წელი მომისაჯეს.

თუმცა დეტალურად არ მომიყოლია ადვოკატისთვის არაფერი, რადგან ყველაფერი ისმინებოდა და მემუქრებოდნენ, რომ მომკლავდნენ. ნებისმიერ დროს მართლაც შეიძლებოდა მოვეკალი. დიაფრაგმის 8 ნეკნი მქონდა მოტეხილი და დიაფრაგმის თიაქარი განმივითარდა, მიუხედავად ამისა, არავითარი სამედიცინო დახმარება არ მიმიღია.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. ჩვენს დაპატიმრებას პირადად ხელმძღვანელობდა გიგა ბოკერია და მისი მეუღე თამარ ჩერგოლეიშვილი.

_ მამა დავითმა (ისაკაძემ) ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თქვენი დაპატიმრება თამარ ჩერგოლეიშვილის კაბინეტში დაიგეგმა. რატომ, რაში უშლიდით ხელს, რომ თქვენი ციხეში გამომწყვდევა გადაეწყვიტათ?

_ ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ დაანახა დასავლეთს, თითქოს საქართველოში პრორუსულ და ფუნდამენტურ ძალებს ებრძოდა, რათა ფინანსები მიეღოთ და გადაეფარათ თავიანთი რეჟიმის საქმიანობა. მე მქონდა იდეა, ეკლესიის ბაზაზე გამეკეთებინა «ნაციონალების» მიერ შექმნილი გარყვნილების ბანაკების _ პატრიოტული ბანაკების ალტერნატიული ახალგაზრდული ბანაკები. როგორც ჩანს, ამანაც ააღელვა ხელისუფლება.

დაპატიმრებამდე კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან შემომთავაზეს თანამშრომლობა. ჯერ სამსახურს მთავაზობდნენ, ანუ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსებთან უნდა მეთანამშრომლა და შემდეგ ინფორმაცია მიმეწოდებინა მათთვის, მომეწყო პროვოკაციები. სპეციალურად უნდა გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ გვინდა, მაგალითად, საქართველოში რუსეთის ბაზები განლაგდეს და ეს იქნებოდა თემა, რომელზეც ააგორებდნენ სკანდალს და იტყოდნენ, რომ აი, რუსეთი გვიტევს.

მოხდა ჩვენი დისკრედიტაცია. მედია აამუშავეს, წინასწარ შექმნეს საზოგადოებრივი აზრი, თითქოს ფაშისტები ვიყავით. ამ მიზნით გამოიყენეს  ხუმრობით გადაღებული ჩვენი ფოტოები, რომლებიც ინტერნეტით გავრცელდა.

_ რატომ გადაიღეთ ფაშისტური სიმბოლოების ფონზე ფოტოები, რომლებიც შემდეგ თქვენ წინააღმდეგ კომპრომატად გამოიყენეს?

_ მე საერთოდ ჩარჩოებში არ ვჯდები და მითუმეტეს ოპორტუნისტების აზრს ვერ აღვიქვამ სერიოზულად. როცა მაბრალებდნენ ჯაშუშობას, ხშირად ვწერდი სასაცილო სტატიებს, თითქოს მართლა ვქმნიდი «შულავერის კომიტეტს» და ვხუმრობდი ამ თემაზე, იმდენად აბსურდული იყო ეს ყველაფერი. ისინი რომ გვეძახდნენ ფაშისტებს, ჩვენც ეს ფოტოები ხუმრობით გადავიღეთ, მათ კი აიტაცეს. ფაშიზმთან საერთო არაფერი მაქვს, მათ ერთმანეთში ერევათ ნაციზმი და ნაციონალიზმი. წინასწარ შეგვიქმნეს ასეთი აზრი ჩვენზე, რათა ჩვენი დაჭერა გაემართლებინათ. ჩვენი დაპატიმრებით შეაჩერეს ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც ოპოზიციურად იყო განწყობილი ხელისუფლების მიმართ და ამხელდა მას ტირანიაში.

ჩვენი დაპატიმრებით დაინტერესებული იყვნენ პირადად მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია, ვითომ ე.წ. ლიბერალური ნაწილი: ბექა მინდიაშვილი ეკა კვესიტაძე, ნინია კაკაბაძე. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ლიბერალების ორი ფრთა მოქმედებს, მემარჯვენე და მემარცხენე ლიბერალები, რომლებსაც შეიძლება ჩვენგან განსხვავებული იდეოლოგია და აზრები აქვთ, მაგრამ იმას, რაც ამ ადამიანებმა იკადრეს, არასდროს იკადრებენ, მაგალითად, გოგი გვახარია და შორენა შავერდაშვილი.

შეგნებულად მიმდინარეობდა ჩემი დისკრედიტრაცია. ჩემი «ფეისბუქის» გვერდიც კი გატეხეს და ისეთი რაღაცები დაწერეს, რომ მე ფანატიკოსი და შეშლილი ვგონებოდი ხალხს. ეს გააკეთა შსს სამინისტრომ, პირადად ვადანაშაულებ შოთა ხიზანიშვილს და ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელს. როგორც გავიგე, ვინმე ხუხუა ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს.

_ თქვენ «ნაციონალური მოძრაობა» დღესაც აგრესიულობაში გადანაშაულებთ, ორიოდე დღის წინ «ნაციონალური მოძრაობის» კონფერენციაზე პრეზიდენტმა ისაუბრა თქვენზე და განაცხადა, რომ ნატოსა და ევროკავშირში ვერ შევალთ, სანამ ციხეებიდან ისეთ ფანატიკოსებს ათავისუფლებენ, რომლებიც ტელეკომპანიაში შეიჭრნენ...

_ სააკაშვილი თავად არის შიზოფრენიით დაავადებული ფანატიკოსი. ის არის ნაძირალა, პირდაპირ ასე დაწერეთ. ის არის კაცი, რომელსაც არავითარი მორალი არ გააჩნია და ატყუებს დასავლეთს, თითქოს ჩვენ ექსტრემისტები ვართ.

თუმცა მე მაინც ძალიან მაკვირვებს დასავლეთის პოზიცია. დასავლეთს ასეთი რეაქცია არ ჰქონია ციხის კადრებთან დაკავშირებით, არც 26 მაისის ან 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, არც სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ბუთა რობაქიძის, როინ შავაძის მკვლელობებზე აღშფოთებულან და არც სხვა პოლიტპატირმების ბედზე და დღეს კრიმინალი ჩინოვკინების დაპატიმრებაზე ასეთი რეაქცია გასაკვირია. მგონია, რომ დასავლეთი უბრალოდ გაუთვითცნობიერებელი და «დაბოლებულია» წინა ხელისუფლების მიერ, მათ არ აქვთ რეალური ინფორმაცია და მართლაც დაიჯერეს, რომ «ნაციონალები» დემოკრატები იყვნენ.  დასავლეთი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, ვინაიდან ასეთი ორმაგი სტანდარტების გამო, ხალხი დასავლეთზე აზრს შეიცვლის და ჩათვლის, რომ ისინი უკანონობას უჭერენ მხარს. როცა აკრიტიკებენ უგო ჩავესს და ბაშარ ასადს, არ დაავიწყდეთ, რომ მათ სააკაშვილზე უარესი არაფერი გაუკეთებიათ. ფიდელ კასტრომ და ასადმაც კი პოლიტიკური პატიმრები გამოუშვეს ციხიდან. მიხეილ სააკაშვილმა კი 21-ე საუკუნეში, ვითომ დასავლეთისკენ სწრაფვის პერიოდში, ქვეყანაში თანამედროვე აბუგრეიბი და გუანტანამო ჩამოაყალიბა.

მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მე ფანატიკოსი არ ვარ და არანაირ ძალადობრივ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია. მე არც «ჰელოუინი» დამირბევია, არც გეიაღლუმის ჩატარებისთვის შემიშლია ხელი და არც სხვა რელიგიური მიმდინარეობისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა. მე ვამბობდი, რომ ყველაფერს კანონი, კონსტიტუცია უნდა არეგულირებდეს და არავის აქვს უფლება, შეურაცყოფდეს მართლმადიდებლობას. მე მხოლოდ ჩემს რელიგიურ მრწამსს ვიცავდი.

_ თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა გედებოდათ ბრალად, თავად ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას არ ჰქონია პრეტენზიები თქვენ მიმართ. მოწმედ პოლიციელები გამოვიდნენ, თუ აპირებთ მათ წინააღმდეგ საჩივრის შეტანას?

_ რა თქმა უნდა, მაგრამ პოლიციის რიგითი თანამშრომლების პასუხისმგებლობს საკითხის დაყენებას არ ვაპირებთ. ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, გვეცოდებიან ისინი. მათ ოჯახები ჰყავთ და ისე ნამდვილად არ მოვექცევით, როგორც ისინი მოგვექცნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შიში ვერ დაძლიეს და უსამართლოდ დაგვდეს ბრალი. მთავარი შემკვეთები  უნდა დაისაჯონ _ ე.წ. ლიბერალები: გიგი თევზაძე, თეა თუთბერიძე, ლევან რამიშვილი, გიორგი მელაძე, ნინია კაკაბაძე, ეკა კვესიტაძე, გიგა ბოკერია, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკო მინაშვილი, გიორგი კანდელაკი. ისინი პირადად თხზავდნენ ჩვენ შესახებ ცილისმწამებლურ ისტორიებს. ამის მიუხედავად, არ რცხვენიათ და საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გამოდის ჩიორა თაქთაქიშვილი, ქალი, რომელსაც ნამუსი და ზნეობა არ გააჩნია და ჩემზე, ადამიანზე, რომელიც ეს წლები უკანონოდ ვიყავი ციხეში, რელიგიური, პოლიტიკური ნიშნით დევნილი, საშინელი წამებისა და უსამართლობის მსხვერპლი, ლაპარაკობს, თითქოს ფაშისტი ვარ.

«ნაციონალებს» არანაირი უფლება არ აქვთ, რაიმე სახის პოლიტიკური შეკრებები მართონ, რადგან არიან ჩვეულებრივი ნაძირლები, რომლებიც ისტორიის სანაგვეზე უნდა აღმოჩნდნენ და მათ ისეთივე განაჩენი უნდა გამოუტანოს ქართველმა ხალხმა, როგორც ეჟოვს, ბერიას, ტროცკის, კამენევს, ზინოვიევს; ვფიქრობ, მათ დაბრუნებას ხელისუფლებაში ხალხი არ დაუშვებს, რადგან სძულს ისინი. სინამდვილეში მათ არანაირი იდეოლოგია არ გააჩნიათ, ეს არის გაბოროტებული ადამიანების ჯოგი და სირცხვილია, რომ ამ პარტიას «ნაციონალური მოძრაობა» ჰქვია.

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გამოჩნდა, რომ ხელისუფლება მართლაც ამზადებდა საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტებს. ამის შესახებ მე ჯერ კიდევ 2008 წელს ვწერდი. შემოჰყავდათ მართლა ექსტრემისტები და ფანატიკოსები, მოჯაჰედები, პუშტუნები და ამზადებდნენ ჩრდილოკავკასიაში დივერსიულ აქტებს, რითიც ქვეყანას დიდი საფრთხის წინაშე აყენებდნენ.

_ თქვენ გიწოდებენ ნაცისტებს, ფაშისტებს, რელიგიისა და სინდისის პატიმრებს, თავად როგორ მიგაჩნიათ, ვინ ხართ?

_ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიყავით პოლიტიკური და რელიგიური პატიმრები. ჯგუფურ დანაშაულში დაგვდეს ბრალი, როცა ჩემთან ერთად დაპატიმრებულ პირთაგან მხოლოდ ოთხს ვიცნობდი. დანარჩენები იყვნენ მრევლის წევრები _ «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის» წარმომადგენლები, რომლებიც სასამართლოების მიმდინარეობისას გავიცანი და ჩვენი დადანაშაულება, თითქოს ერთად ვგეგმავდით ჯგუფურ დანაშაულს, სისულელეა.

როცა გავთავისუფლდებით, ოფიციალურად მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს: კიდევ ბევრ რამეს ვიტყვი და  განსასჯელის სკამზე ბევრი ადამიანი აღმოჩნდება.

ესაუბრა შორენა ცივქრაშვილი

 

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: გიორგი
და ტუნელი ლონდონიდან ბომბეამდე არ გაყავდა?
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა