ვის წისქვილზე ასხამს წყალს ამნაირად შედგენილი ისტორია?
ზომა
A

პარასკევი, 21 დეკემბერი / 2012 12:07

ინტერვიუ კოლხურ-იბერიული ეთნოკულტურის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის «აია-კოლხეთის» ერთ-ერთ დამფუძნებელ რაულ გვეტაძესთან.

_ ბატონო რაულ, გამოვიდა «საქართველოს ისტორიის» ოთხტომეული, რომლის მთავარი რედაქტორია აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე, ხოლო სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან აკადემიკოსები . ჯაფარიძე, . მუსხელიშვილი და . მეტრეველი. რას გვეტყვით ამ ოთხტომეულში შემჩნეულ ხარვეზებზე?


_ უპირველესად, დიდი მადლობა თქვენი გაზეთის რედაქციას, რომელმაც ადგილი დაუთმო «საქართველოს ისტორიის» ოთხტომეულში შემჩნეულ ხარვეზებთან დაკავშირებით საგაზეთო სტატიებს. დღეს მასმედიის ყურადღება ძირითადად მიმდინარე პოლიტიკაზეა მიპყრობილი, ეს კი ისტორიული პროცესის მხოლოდ ტაქტიკას ასახავს. პოლიტიკური სტრატეგია ერის ჭეშმარიტ ისტორიაზე აისახება. მოგეხსენებათ, საინგილო ბოლშევიკებმა წაგვართვეს, მაგრამ იდეოლოგიურად ეს აქტი გაამაგრეს იმ დროის ისტორიკოსებმა, რომლებიც «ქართიზაციის თეორიას» იზიარებდნენ. ასევე წარმოიშვა, მაგ., დავით გარეჯის პრობლემაც. ეს ქართველი ერის მრავალი განსაცდელიდან ერთ-ერთია.

მოკლედ მოგახსენებთ, გახლავართ კოლხურ-იბერიული ეთნოკულტურის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის «აია-კოლხეთის» ერთ-ერთი დამფუძნებელი. ჩვენი სამეცნიერო-კვლევის სფეროდან ერთ-ერთია წინაქრისტიანული და ადრექრისტიანული ეპოქის ქართულ არქეოლოგიურ ძეგლებსა და ძველი ხუროთმოძღვრების ტაძრებზე წარმოდგენილი წარწერების ამოკითხვა, ამიტომ მეც მხოლოდ ამ პერიოდის საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას შევეხები.

_ თქვენ, ტექნიკური მეცნიერების დოქტორი, სრული პროფესორი რა არგუმენტების საფუძველზე უწევთ ოპონირებას ცნობილ ისტორიკოსებს?

_ საყოველთაოდ ცნობილია, რომ საისტორიო მეცნიერებაში სხვა სპეციალობის მოღვაწეებსაც აქვთ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. გავიხსენოთ 1899 წელს გაზეთ «ივერიაში» დაბეჭდილი ილია ჭავჭავაძის პოლემიკურ-პუბლიცისტური ნაშრომი «სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი», რომლის დედააზრია, რომ არქეოლოგიურ ძეგლებზე ასახული წერილობითი ინფორმაცია ეწინააღმდეგება იმას, რასაც უსამართლოდ ქადაგებდნენ რუსი და სომეხი ნაციონალისტები. ილია ჭავჭავაძემ თავის ნაშრომს დაურთო გენიალური რუსთველის უკვდავი სიტყვები: «ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს; მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება, მოცინარობს».

სამწუხაროდ, 2012 წელს ისეთი «საქართველოს ისტორია» გამოიცა, რომლის დასახასიათებლად ილია ჭავჭავაძის ნაშრომის სათაურში მხოლოდ პირველი სიტყვის შეცვლაა საჭირო «ქართველთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი». ამ ოთხტომეულში არქეოლოგიურ ძეგლებზე ასახული ინფორმაცია არ არის ადეკვატურად ასახული ან საერთოდ არის უგულებელყოფილი.

ქართულ საისტორიო მეცნიერებას დიდი ამაგი დასდო ცნობილმა ქველმოქმედმა, განათლებით ინჟინერმა ბადრი პატარკაციშვილმა. მან დააფინანსა გამოჩენილი არქეოლოგის, აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის მონოგრაფია: «ნეკრესის უძველესი ქართული ნაწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები». ეს რომ არ მომხდარიყო, გაგვიჭირდებოდა არგუმენტირებული ოპონირება, რადგან ქართველოლოგიისთვის ამ ფუნდამენტური მნიშვნელობის ძეგლის შესახებ ოთხტომეულიდან გვექნებოდა ასეთი მცირე და არასწორი ინფორმაცია:

«უკანასკნელ ხანს ნეკრესის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერების ფრაგმენტების საფუძველზე, . ჭილაშვილი გამოთქვამს ვარაუდს ასომთავრული დამწერლობის არსებობის შესაძლებლობის შესახებ წინაქრისტიანულ ხანაში, რაც სადავო უნდა იყოს» («საქ. ისტორია», 2012, . II,  გვ. 286, სქოლიო 2).

«საქართველოს ისტორიის» ოთხტომეული და, აგრეთვე, ლევან ჭილაშვილის მონოგრაფია გამოცემულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გრიფით. ვის მხარეს არის სიმართლე: აკად. ლ. ჭილაშვილის, რომელმაც დაასაბუთა, რომ ქართველები ძველთაგან ფლობდნენ საკუთარ ანბანურ დამწერლობას, თუ სარედაქციო კოლეგიის, რომელმაც იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინათ ასეთი კულტურული მემკვიდრეობის არსებობა, წინაქრისტიანული ეპოქის ძველქართული წარწერის 15 ნიმუში, რომლებიც მოპოვებულია ნეკრესში, რუსთავსა და მცხეთაში, ოთხტომეულიდან ამოიღეს? მათ რიცხვში აღმოჩნდა იბერიის მეფე მითრიდატე II-ს მემორიალური ძეგლი, რომელიც დათარიღებულია ახ.წ. 97 წლით.

_ ბატონო რაულ, თქვენ ამბობთ, რომ ქართველი ხალხის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია იბერიულ ცივილიზაციას. რის საფუძველზე ადასტურებთ იბერიის ცივილიზაციის არსებობას?

_ იბერიის ცივილიზაციის არსებობას ვასაბუთებ ქართველი მეცნიერების ნაშრომებისა და მათი ანალიზის საფუძველზე:

1. ძველ ცივილიზაციას არ მოეპოვება ქართული ანბანის ბადალი. როგორც რ. პატარიძე აღნიშნავს, მასში ფინიკიური და ბერძნული ვოკალიზებული ანბანების ბაზაზე, ასოთა დასახელების სპეციფიკური პრინციპის შერჩევისა და ასოთა რიცხვული მახასიათებლის გამოყენების საშუალებით, სისტემაშია მოყვანილი ასტრონომიული, კალენდარული და ქრონოლოგიური ძველაღმოსავლური ინფორმაცია.

2. ნეკრესის #1 წარწერიანი ქვა ეპოქალური მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლად იქნა აღიარებული იმის შემდეგ, რაც მათემატიკოსმა ნოდარ გაფრინდაშვილმა ამ ძეგლში ამოიცნო წარმართული მთვარე-მზის კალენდარი, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოში პასქალური ციკლის გათვლებს. მისი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ძეგლის მესამე სტრიქონში წარმოდგენილი სამი რიცხვ-ნიშნის არითმეტიკული ჯამი უდრის 19-ს (3+10+6=19), რაც მთვარე-მზის კალენდრის სინქრონიზაციის ციკლის რიცხვია, რომელიც ბერძენი ასტრონომის _ მეტონის სახელს ატარებს.

3. განსაკუთრებით აღსანიშნავია წარმართული ხანის ნეკრესის არქეოლოგიური ნაგებობა, რომელსაც ქართველმა მეცნიერებმა: ი. სიმონიამ და ნ. ბახტაძემ ბრიტანელ სპეციალისტთან ერთად ჩატარებული არქეოასტრონომიული კვლევების შედეგად «ნეკრესის მზის ტაძარი» უწოდეს. ნეკრესის წარმართული სატაძრო კომპლექსი იბერიულ-ქართული ცივილიზაციის მეცნიერული და კულტურული მიღწევების ამსახველი ბრწყინვალე ძეგლია. მასში შერწყმულია არქიტექტურული, კალენდარულ-ქრონოლოგიური და თეოლოგიური იდეები. არქეოასტრონომიული კვლევებით დასტურდება, რომ ნეკრესში ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, ვიდრე საქართველოში ფეხს მოიკიდებდა ქრისტიანობა, არსებობდა მაღალი დონის ცივილიზაციის კერა, სადაც მოღვაწეობდნენ ბაბილონური და ელინისტური მათემატიკურ და ასტრონომიულ-ქრონოლოგიურ მიღწევათა მცოდნენი, შემოქმედებითი ნიჭით აღსავსე ქართველი ქუმერები, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში.

ამ მოვლენების იგნორირება სხვა არაფერია, თუ არა ქართული ისტორიის დისკრედიტაცია.

_ რით აიხსნება ისტორიკოსების მხრიდან ქართული კულტურის თქვენგან განსხვავებული შეფასება?

_ იმით, რომ არქეოლოგიურ ძეგლებზე ასახული ძველი ქართული წარწერები ადასტურებს აკად. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებას, რომ ქართული ანბანი შეიქმნა ანტიკურ ხანაში, წინა აზიაში ქართველების განსახლების ტერიტორიაზე. ამაზე მეტყველებს ასომთავრულ ანბანში ასახული ბაბილონური ცივილიზაციის ასტრონომიულ-კალენდარული ინფორმაცია. ოთხტომეულის ავტორები კი აკად. კორნელი კეკელიძის კონცეფციის ტყვეობიდან თავი ვერ დაუხსნიათ, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ქართული დამწერლობის წარმომავლობის ყალბ ვერსიას უჭერდა მხარს. ამით აიხსნება, რომ არც ერთი წინაქრისტიანული ეპოქის წარწერიანი მატერიალური ძეგლი არ არის წარმოდგენილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გრიფით 2012 წელს გამოცემულ «საქართველოს ისტორიაში».

ეს საგანგაშო სიტუაციაა!!!

_ ოთხტომეულში აღნიშნულია, რომ «არმაზის ეკლესია უძველესი ნაგებობაა საქართველოში, რომელზეც აგების თარიღია მითითებული, 846 გამოდის, რომ IX საუკუნემდე ქართველებს საერთოდ არ ჰქონიათ საკუთარი წელთაღრიცხვა და თარიღიანი ძეგლები?

_ თუ წინაქრისტანული ეპოქის ძეგლები საერთოდ არის იგნორირებული, ქვაზე შესრულებული ადრექრისტიანულ წარწერიანი ძეგლები ან არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, ან ვერ იქნა ამოხსნილი მათზე ასახული ქრონოლოგიური ინფორმაცია. ოთხტომეულში მოცემულია «ბოლნისი სიონის დავით ეპისკოპოსის წარწერა», რომელიც დათარიღებულია ახ.წ. 472 წლით. ამ წარწერის დათარიღებას სწორი მიმართულება მისცა აკად. შ. ამირანაშვილმა, ხოლო ზუსტი თარიღი დაადგინა ცნობილმა არქიტექტორმა მ. ჩხიკვაძემ (რომელსაც ეკუთვნის ეროვნული არქიტექტორის ბრწყინვალე ნიმუში, შენობა, სადაც განთავსებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია). 472 წელი შემთხვევით არ არის აღნიშნული ბოლნისის სიონის წარწერაზე. ამ წელს, როგორც აღნიშნავს ვახუშტი ბაგრატიონი, ვახტანგ გორგასალმა კათალიკოსის ინსტიტუტი შემოიღო.

ბოლნისის სიონის მშენებლობის დასაწყისი და დასრულება აღნიშნულია მეორე წარწერაზე, რომელზეც  ქრონოლოგიური დანიშნულების შემორჩენილი სიმბოლოების საშუალებითაა ნაჩვენები, რომ ტაძარი შენდებოდა 15 წლის განმავლობაში და დამთავრებულია 351 წელს.

1975 წელს გამოსულ «ენციკლოპედიაში» სხვანაირად არის ინტერპრეტირებული ბოლნისის სიონის იგივე წარწერა: «წარწერა დათარიღებულია პეროზ მეფის ხსენების მიხედვით: მისი მეფობის მეოცე (479) წელს დაწყებული მშენებლობა დამთავრებულა 15 წლის შემდეგ, ე.ი. 493-494».

როგორ მოხერხდა ასეთი ყალბი თარიღის დასაბუთება? ძალიან მარტივად, მეფე მირიანის სპარსი სიძის მოხსენიებული სახელი სპარსეთის მეფის პერსონას მიაკუთვნეს, რომელიც ტაძრის მშენებლობის დამთავრებისთვის 10 წლის მკვდარი იყო. ამრიგად, IV საუკუნის პირველ ნახევარში აშენებული ტაძრის თარიღი V საუკუნის მეორე ნახევარში გადაიტანეს. თუ ეს მისაღები იყო საბჭოური იდეოლოგიისათვის, შეუთავსებელია ისტორიულ ჭეშმარიტებასთან და ბოლნისის სიონი უნდა გადათარიღდეს.

_ რა გავლენა იქონია პეტრე იბერმა ქართული ქრისტიანული კულტურის განვითარებაზე და როგორ არის გაშუქებული ეს საკითხი ახალგამოცემულ «საქართველოს ისტორიის» ოთხტომეულში?

_ ღვაწლმოსილმა ისტორიკოსმა, წარმატებულმა არქეოლოგმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბატონმა რამინ რამიშვილმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა «ქართული ქრისტიანული არქეოლოგიის» სემინარს, გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაწერა შემდეგი მოსაზრება: «ოთხტომეულის II ტომში სრულიად აღმაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რაც გამოხატულია პეტრე იბერის მიმართ. ალბათ, არც ერთი რუსი ან სომეხი ნაციონალისტი არ იკადრებდა ამას, რაც ამ უდიდესი ქართველი მოაზროვნის მიმართაა გამოთქმული».

მართლაც, ძნელია, სხვანაირად შეფასდეს ამონარიდი, რომელიც შეეხება პეტრე იბერს: «პეტრე იბერიელი მხოლოდ დაიბადა საქართველოში. ...ძნელია, მას ქართველი მოღვაწე ვუწოდოთ» («საქ. ისტორია», 2012, ტ. II, გვ. 325).

მრავალი წლის განმავლობაში მეცნიერებს აინტერესებდათ ცნობილი ფილოსოფიურ-თეოლოგიური თხზულების _ არეოპაგიტული კორპუსის ავტორის ვინაობა. ბელგიელმა მეცნიერმა ერნსტ ჰონიგმანმა 1952 წელს გამოაქვეყნა თეორია, რომლის თანახმად, არეოპაგიტული მოძღვრების ავტორი, ე. წ. ფსევდოდიონისე იყო ქართველი ფილოსოფოსი და საეკლესიო მოღვაწე პეტრე იბერი. ე. ჰონიგმანის აღმოჩენამ სენსაცია მოახდინა დასავლეთის სამეცნიერო წრეებში. ამ თეორიის აღიარებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ გამოკვლევა ფსევდოარეოპაგელისა და პეტრე იბერის იდენტურობის შესახებ უფრო ადრე გამოქვეყნებული ჰქონდა გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ფილოსოფოსსა და ლიტერატურათმცოდნეს შალვა ნუცუბიძეს. ეს ბრწყინვალე აღმოჩენა სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება, როგორც ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია.

არეოპაგიტული თხზულებანი ასაზრდოებდა შუა საუკუნეების ფილოსოფიურ მიმდინარეობებს. ამ შრომების ავტორმა პასუხი გასცა ანტიკური ფილოსოფიის დროიდან წამოჭრილ გადაუწყვეტელ საკითხებს, ხელი შეუწყო ევროპული რენესანსის იდეოლოგიური საფუძვლის შექმნას.

ქართული ფილოსოფიური აზროვნების ბრწყინვალე წარმომადგენლის, აკად. . ნუცუბიძის ღვაწლის დაკნინებად უნდა ჩაითვალოს ახალგამოცემული «საქართველოს ისტორიიდან» მეორე ამონარიდი: «თუ ჭეშმარიტია ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიაც». რა თქმა უნდა, ჭეშმარიტია და ამის დასტურია პალესტინის აბა ანტონის ძველქართული მოზაიკური წარწერა, რომლის სურათიც კი დამახინჯებულად არის წარმოდგენილი «საქართველოს ისტორიის» ოთხტომეულში. ამ სურათში ჩამოშორებულია კრიპტოგრამული სამკუთხა ნიშნები, რომლებიც, როგორც ჩანს, მხოლოდ დეკორატიულ ელემენტად მიიჩნიეს. ეს მინიშნებები მიუთითებს პეტრე იბერის მოღვაწეობის თარიღს. ეს ძეგლი მსოფლიო მნიშვნელობის პირველი ეპიგრაფიული ძეგლია, რომელიც დათარიღებულია ქრისტიანული ხანით. ეს საამაყო ფაქტია და უნდა იცოდეს ქართველმა მკითხველმა.

ქართველი ისტორიკოსების მერყევი პოზიცია ხელს უწყობს იმას, რომ ზოგიერთი რელიგიური პიროვნებები უსაფუძვლოდ ეწინააღმდეგებიან პეტრე იბერის წმინდანად აღიარებას. ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება «საქართველოს ისტორიის» ოთხტომეულის ლეიტმოტივია. ამით აიხსნება პეტრე იბერის შეუფასებლობა.

_ ბატონო რაულ, სხვა რა მნიშვნელოვანი არგუმენტია ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების დამადასტურებელი?

_ მცხეთის ჯვრის ტაძარი, ეროვნული ხუროთმოძღვრების საქვეყნოდ განთქმული ძეგლია. «საქართველოს ისტორიის» ოთხტომეულში ვკითხულობთ: «ქართული (და არა მხოლოდ ქართული) ხუროთმოძღვრების მშვენებაა მცხეთის ჯვარი, VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე მცხეთის ერისმთავართა მიერ აგებული დიდებული ტაძარი, სრულყოფილი და დახვეწილი ფორმებით ფასადზე ამშენებელთა რელიეფური ქანდაკებებით და ეპოქის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი წარწერებით. მცხეთის ჯვრის ტიპის ტაძრები VII საუკუნის საქართველოში არაერთი აიგო: ატენის სიონი, ჭყონდიდელის საეპისკოპოსო ტაძარი მარტვილში, ძველი შუამთა. ...ჯვრის ტიპის ტაძრები ამჟღავნებენ გარკვეულ მსგავსებას, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის, განსაკუთრებით კი სომხეთის, ამ ეპოქისა და ტიპის ტაძრებთან, მაგრამ ამასთანავე საგრძნობლად განსხვავდებიან მათგან სიმაღლით, ფასადებითა და ინტერიერის მხატვრული გადაწყვეტით» («საქ. ისტორია», 2012 წ., II ტ.,  გვ. 334).

«საქართველოს ისტორიის» ოთხტომეულის ავტორებმა ქართველ მკითხველს უნდა აუხსნან, რას ნიშნავს «და არა მხოლოდ ქართული».

ამ ოთხტომეულის ავტორებს: დ. მუსხელიშვილს, მ. სამსონაძეს და ა. დაუშვილს 2012 წელს ასევე გამოშვებული აქვთ «საქართველოს მთელი ქვეყნის ისტორია ერთ წიგნში». 113-ე გვერდზე წერია: «გუარამ დიდმა, პირველმა ქართლის ერისთავმა, «ამან დადვა საფუძველი პატიოსნის ჯუარისაი», ანუ მცხეთის ჯვრის ეკლესიის მშენებლობა დაუწყია. როგორც ირკვევა, მისი აშენებული უნდა იყოს მცხეთის ჯვრის მცირე ეკლესია».

ვინ არის მცხეთის ჯვრის ხუროთმოძღვარი? ამ წიგნებიდან ამის პასუხს მკითხველი ვერ მიიღებს.

ზემოთ წარმოდგენილი პასაჟებიდან ჩანს, რომ ქართველ ისტორიკოსებს არ სჯერათ ცნობილი ქართველი მეცნიერის, გურამ აბრამიშვილის, კვლევების, რომელმაც დაადგინა, რომ ატენის სიონის სომხური წარწერა «მე თეოდორაკ, მშენებელი [ამისა] წმინდა ეკლესიის» არის X საუკუნის მეორადი წარწერა. მის ქვემოთ ქართული ასოების კვალი დღესაც ემჩნევა. ამ წარწერის საფუძველზე სომეხი მეცნიერები თვლიან, რომ, როგორც მცხეთის ჯვარი, ასევე ატენის სიონი სომეხი არქიტექტორის ქმნილებაა. უფრო მეტიც, ისინი ცდილობენ მცხეთის ჯვრის მშენებლობის პერიოდი 586/87–604 წლებიდან გადაიტანონ 626-642 წლების ფარგლებში, რათა ქრონოლოგიური პრიორიტეტი ჯვრის ტიპის ტაძრებს, სომხურ ეკლესიებს მიაკუთვნონ.

ეს უსუსური მცდელობაა, რადგან მცხეთის ჯვრის წინამორბედია ნინოწმინდის კათედრალური ტაძარი. ჩვენი თვალთახედვით, ნინოწმინდის ტაძრის კომპოზიციას საფუძვლად უდევს რვაფურცლიანი როზეტის გამოსახულება. ეს ორნამენტი ბევრ ქართულ ეკლესიას ამშვენებს და წარმოადგენს მზის სიმბოლოს. იგი ასევე დასტურდება ფესტოსის დისკოს პროტო-ქართველურ წარწერაში, რომელიც ეძღვნება პელაზგურ-კოლხური ნაყოფიერების ქალღმერთ ნანას. ეს არქეოლოგიური ძეგლი თარიღდება ძვ.წ. 1850-1600 წ.წ. და აღმოჩენილი იქნა კუნძულ კრეტაზე.

V-VI საუკუნეებში წმინდა მიწაზე მრავალრიცხოვანი ეკლესია-მონასტრების მშენებლობის პროცესში, ეტყობა, ჩამოყალიბდა ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ტრადიცია. აი, ასეთ ფესვებზე აღმოცენდა ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი _ მცხეთის ჯვრის ტაძარი და ნინოწმინდის კათედრალური ეკლესია.

ფართო სამეცნიერო წრეებისთვის კარგად არის ცნობილი გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის, მიხეილ ჩხიკვაძის, მონოგრაფია «Архитектура Джари», რომელიც რუსულად 1940 წელს დაბეჭდა საბჭოთა კავშირის არქიტექტორთა აკადემიის გამომცემლობამ. მ. ჩხიკვაძემ პირველად გამოაქვეყნა მის მიერ აღმოჩენილი დიდი კუთხოვანი ასომთავრული ასოებით დაწერილი დაქარაგმებული წარწერა «მიქელ თხელი» (იხ. სურ. 1). ეს წარწერა მართლაც თხელი აღნაგობის მამაკაცის ბარელიეფის გვერდით არის განთავსებული (იხ. სურ. 2). ბარელიეფი ეკუთვნის მცხეთის ჯვრის არქიტექტორს, ხოლო წარწერა მისი ავტოგრაფია.

ამრიგად, მცხეთის ჯვრის ხუროთმოძღვარი ცნობილია _ მიქელ თხელი. ჩვენ მალე გამოვაქვეყნებთ დამატებით დამადასტურებელ მასალასაც.

მ. ჩხიკვაძე კიდევ ერთ გარემოებას აქცევს ყურადღებას: «В Джвари мною обнаружены 24 различных камнеотесаных знаков, болъшииство из них грузинсктх, 2 армянских и № греческий».

ქართველი მკვლევარების: . აბრამიშვილის, . ალექსიძის, . ჩუბინაშვილი, . ჩხენკელის შრომები ადასტურებენ, რომ ქართული ჯვრის ტიპის ეკლესიები უფრო ადრეულია ვიდრე სომხური.

გაკვირვებას იწვევს «საქართველოს ისტორიის» ოთხტომეულში ილუსტრაციების შერჩევის მანერა. სურათების დამთვალიერებელი იფიქრებს, ქართველებს არც წინაქრისტიანულ და არც ადრექრისტიანულ ეპოქებში არაფერი მნიშვნელოვანი და საამაყო არ აუშენებიათ. პირველი შენობა VII საუკუნით დათარიღებული ატენის სიონია, რომლის არქიტექტორობა, მართალია უსაფუძვლოდ, მოძმე სომხებს დაუჩემებიათ.

ვის წისქვილზე ასხამს წყალს ამნაირად შედგენილი ისტორია?

წმინდა ილია ჭავჭავაძე წერს: «ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ანუ ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ. თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ... სულით დაბალნი, ჭკუაგონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი, უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირისგამტეხნი, მხდალნი-ლაჩარნი _ აი ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი! აი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება. წერით თუ სიტყვით, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს იდგმენ, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი ვყოფილვართ და დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესნი».

_ რას გვეტყვით მეცნიერ გია კვაშილავას ნაშრომებზე, მეცნიერზე, რომელმაც პროტო-ქართველურ (კოლხურ) ენაზე ამოიკითხა კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ტიპის საგანზე მოცემული 1427 წარწერა?

_ ამაზე, უმჯობესია, თავად ბატონმა გია კვაშილავამ უამბოს თქვენი გაზეთის მკითხველს, მაგრამ რამდენიმე ფრაზას მაინც დავსძენ: ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ქართულმა საისტორიო მეცნიერებამ არ იცის. მისი ნაშრომების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ქართველოლოგია შესაძლებელია გახდეს ისეთივე კატეგორის დარგი როგორიცაა ეგვიპტოლოგია, ასიროლოგია და ხეთოლოგია.

ამ არქეოლოგიური მასალის მიხედვით, შეიძლება ვთქვათ, რომ არგონავტების ლეგენდა დადასტურებულ ფაქტად იქცა. კრეტა-მინოსური კულტურის მონაწილენი ჩვენი წინაპრები ყოფილან. და ბოლოს, ქართული ცივილიზაციისა და სახელმწიფოს ოთხიათასწლოვანი ისტორია ამ უძველესი ქართული წერითი სისტემის _ 1427-ზე მეტი არტეფაქტის საფუძველზე მტკიცდება.

ძალიან დასანანია, რომ ახლადგამოცემული «საქართველოს ისტორია» ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებს, მაშინ როდესაც მსოფლიოს მრავალმა მეცნიერმა ბატონი გია კვაშილავას აღმოჩენა თავიანთ მონოგრაფიებში შეიტანეს...

ესაუბრა

გიორგი მაისურაძე

 

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: MAVERICK
მიუხედავად იმისა, რომ მოპოვებული გვაქვს დამოუკიდებლობა, გვაღიარა მსოფლიო საზოგადოებამ, სათანადო ყურადღება არ ექცევა ჩვენს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას. შეგნებულად გრძელდება მეფის რუსეთისა და საბჭოთა პერიოდის "მეცნიერული" მიდგომა დაფარულ იქნას და დაკნინდეს ქართველი ერი, არ წარმოჩნდეს მისი წვლილი და როლი ევროპული კულტურის განვითარებაში, ყოველნაირად შეეშალოს ხელი დადგენილი და საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტების გაცხადებას, საკითხავია რატომ? ვის დაკვეთას ასრულებენ და რას ემსახურება ამ "მეცნიერთა" ძალისხმევა? დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, დაფარული გაცხადდეს!!!...
წერს: ნიკა
ოთხტომეულის ავტორები არ აღიარებენ ამ სერიოზულ აღმოჩენებს იმიტომ,რომ ამ აღმოჩენების განხორციელებაში თვით არ მიუღიათ მონაწილეობა!...ისინი დარჩნენ საბჭოთა ისტორიოგრაფიის დონეზე! ქართველთათვის ეს ამბავი ფრიად სავალალოა...კვლავ დღის წესრიგშია საქართველოს ისტორიის საბჭოური თვალსაზრისებისაგან გათავისუფლება!...რას ვიზამთ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს...
წერს: შოთა
სომხების მოსყიდულები,
ეგეთი მეცნიერები თავდაღმა უნდა ჩავმარხოთ
წერს: ლევანი
ქალბატონი მარიამი ქართველი არის? ასეთმა ისტორიკოსებმა და ინტელიგენციამ დედა უტირა საქართველოს.ქართველები ხალხო მსოფლიო ერების წინაპრები ვართ,ლაზარე დედამიწაზე საწყისი დამწერლობაა,ყველა ენების დედაენაა!!! ნუ გეშინიათ ამის თქმის, რა? ჩუმად, ჩუმად არვინ გაგვიგოს?! ხმამაღლა ვიყვიროთ მსოფლიოს გასაგონად,მაგრამ ეს ქვეყანა, რომელიც ქართველებს აღარ გვეკუთვნის, ჯერ უკან უნდა დავიბრუნოთ,შემთხვევით არაფერი ხდება; მეორედ მოსვლაა!!!
წერს: ლევანი
სრულდება სიონისტურ-თალმუდისტური ებრაული კლანის დაკვეთა რათა არ წარმოჩინდეს საქართველო და ქართველი,მსოფლიოსათვის, როგორც სულიერი მისიის აღმსრულებელი.
წერს: ქეთი
მართლაც გულდასაწყვეტია,რომ გვერიდება ხმამაღლა ვთქვათ სიმართლე..რატომ ვმალავთ ჩვენს ისტორიას და მისიას?მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს სიმართლე!მე წავიკითხე ვალერი ვარხანიას წიგნი "ქრისტეს ბოლო სიტყვები" სადაც ბევრი საინტერესო რამ წერია,იქიდან გავიგე "ფესტოსის დისკოს" შესახებაც,და გავოგნდი..ახლა კი მართლა მჯერა რომ რაც იქ წერია სიმართლეა..აუცილებლად ცავიკითხავ კვაშილავას ნაშრომსაც..მადლობა საინტერესო სტატიისთვის!
წერს: ტიტო ბერი
გადაიკითხეთ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი 1980-90-იანების უახლესი ისტორია და უფრო აშკარა გახდება ამ წიგნის შემდგენელთა არაქართული სულისკვეთება.
წერს: დ.ჩ.
სულგაყიდული და გადაგვარებული ქართველის ხელი ურევია ყველგან; ისე "ქვათა ღაღადი" სკოლის სახელმძღვანელოში არის შესატანი, რომ ბავშვობიდანვე იცოდეს ქართველმა ვინ არის საქართველოს უპირველესი მტერი.
წერს: მღვდელი ილია ჭიღლაძე
1.ბატონ ლ. ჭილაშვილის ჰიპოთეზა არაა საყოველთაოდ გაზიარებული დღევანდელ ქართულ მეცნიერებაში, და რანაირად შევიდოდა ოთხტომეულში როგორც დოგმა და ჭეშმარიტება?! იგივე ითქმის პატარიძის ჰიპოთეზაზე ბოლნისის სიონის გადათარიღებასთან დაკავშირებით. 2. ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია ჯერ კიდევ პროფ. ივ. ლოლაშვილმა გააკრიტიკა ათწლეულების უკან და სათანადოდ დაამტკიცა ამ მოსაზრების სრული აბსურდულობა. პატივცემული რესპოდენტი ბრძანებს: ”ე. ჰონიგმანის აღმოჩენამ სენსაცია მოახდინა დასავლეთის სამეცნიერო წრეებში”, საინტერესოა, დღეს რომელი უცხოელი მეცნიერი აღიარებს ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიას?! ერთი-ორი ავტორიტეტი მიანც დაასახელონ?! 3. ციტატა: ”ქართველი ისტორიკოსების მერყევი პოზიცია ხელს უწყობს იმას, რომ ზოგიერთი რელიგიური პიროვნებები უსაფუძვლოდ ეწინააღმდეგებიან პეტრე იბერის წმინდანად აღიარებას”. არც ბატონ შ. ნუცუბიძისთვის და არცერთი დიდი ქართველი და უცხოელი მეცნიერისათვის (გინდ დიდი, გინდ მცირე :)) საკამათო არ არის, რომ პეტრე იბერი მონოფიზიტი იყო, ახლა ბატონ რაულის სურვილის გამო წმინდანად შევრაცხოთ მონოფიზიტი (ე.ი. ერეტიკოსი) ?! 4. რა საჭიროა ამხელა დაულაგებელი მსჯელობა მცხეთის ჯვრის ირგვლივ, განა გამოცემაში ეჭქვეშაა დაყენებული მისი მეშვიდე საუკუნის დამდეგით დათარიღება?!
წერს: თამარი
ილია ჭიღლაძეს– ბატონო ილია მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ სამეცნიერო სივრცეში მიდის დაუნდობელი ბრძოლა თითოეული ~ტერმინისა,თუ თითოეული სიტყვისთვის.დროა ჩვენ ჩვენი დავიცვათ,თორემ კრიტიკოსები და მტაცებლები,არც გვაკლდა და არც დაგვაკლდება.სომხეთში ჩასულს აუცილებლად გაჩვენებენ,ტრიალ მინდორში დაგდებულ ორ გახვრეტილ ლოდს და აგიხსნიან,რომ ეს არის მსოფლიოში უძველესი ოფსერვატორიის ნაშთი.ეს ჯერ არავინ აღიარა,მაგრამ ნახევარ მსოფლიომ უკვე გაიგო.
წერს: არქეოლოგი
ავტორს ერთადერთ რამეში შეიძლება დაეთანხმო, რომ ისტორიის ოთხტომეული არის საბჭოთა პერიოდში შექმნილი, მოძველებული. ასევე საჭიროა ახლიდან შეიქმნას და გააზრებულ იქნას ისტორია ნორმალურად. სხვა დანარჩენს რაც შეეხება ფსევდო-ნაციონალურ მეცნიერებაშია გაჭედილი, მსგავს საუბარს, მსგავსი არგუმენტებით ყოველ დღე მოისმენთ საჯარო ბიბლიოთეკის გარეთ მოხუცი მეცნიერების წრეში....
ფესტოს დისკოს პროტო-ქართულ ენაზე გაშიფვრა ღიმილსაც აღარ იწვევს უკვე და დასაცინი ხდება. უცხოელი მეცნიერების წრეების კრიტიკის მსხვერპლი ხშირად გავმხდარვართ სწორეთ მსგავსი აბსტრაქტული, დაუსაბუთებელი თეორიების წამოყენების გამო.... (ეს დაავადება სომხებს ჭირთ ძირითადად).....
წერს: ლეილა
მღვდელი ილია ჭიღლაძე მეცნიერებაში როგორ ერევა?! უახლოეს არასახარბიელი მოვლენების შემდე საპატრიარქოს ადმინისტრაცია აცხადებს ეკლესიის საქმეში არ ჩაერიოთო.
წერს: ლეილა
ზოგიერთი კომენტარის ავტორი (მაგ., მღვდელი ილია ჭიღლაძე, არქეოლოგი), რომელთაც ამ ინტერვიუში წარმოდგენილ თემებზე წარმოდგენაც კი არ აქვს, დაუსაბუთებელ და არაკომპეტეტურ მოსაზრებებს აცხადებს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა