გესტაპოს მეთოდები _ ქართულ საპატიმროში
ზომა
A

ხუთშაბათი, 17 მაისი / 2012 14:39

«ყოველ დილით, შემოწმებისას, გაშიშვლებას გვაიძულებენ, შემდეგ კი შიშვლებს შეუბრალებლად გვცემენ, სანამ არ მობეზრდებათ. ხელებდაწყობილ მდგომარეობაში რამდენიმე საათს გვაჩერებენ და, თუ რომელიმე დავიღლებით, ყველას კოლექტიურად გვსჯიან და «ინბოქსში» გვიშვებენ, რომელიც 3 კვმ-ია, საწოლიც კი არ არის და ძირსაც რომ არ წამოვწვეთ, ცივ წყალს გვისხამენ», _ ასე ახასიათებს ქუთაისის ნომერ მეორე საპატიმრო დაწესებულებას სახალხო დამცველის _ გიორგი ტუღუშის ანგარიშში ერთ-ერთი პატიმარი.

რა მდგომარეობაა ქუთაისის ციხეში? მართლა აშიშვლებენ ადამიანებს? ხორციელდება პატიმრებზე სექსუალური ძალადობა? ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისმა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მონიტორინგი განახორციელა აღნიშნულ საპატიმროზე.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2012 წლის ზამთარში ჩატარებული მონიტორინგის დროს ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებითს დაწესებულებაში განთავსებულია 1464 პატიმარი. პატიმრებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ თანამშრომლები მათ ექცევიან უხეშად, გამომწვევად და დამამცირებლად.


პატიმრების თქმით, ნებისმიერი კონტაქტი დაწესებულების თანამშრომლებთან შეიძლება მათი მხრიდან კონფლიქტისა და შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს ერთ საათზე მეტი ხნით ეძლევათ უფლება, გავიდნენ სუფთა ჰაერზე, მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი ერიდებიან აღნიშნული უფლებით სარგებლობას, რადგანაც იმ შემთხვევებშიც კი, თუ ერთი პატიმარი მეორეს მიესალმება, გასეირნება წყდება და პატიმრებს აბრუნებენ საკნებში. ამგვარად, კვლავ გამოიყენება კოლექტიური დასჯის მეთოდები _ ერთი პატიმრის გადაცდომისთვის ისჯება მთელი საკანი, რაც ადმინისტრაციისთვის ზეწოლის დამატებითი მექანიზმია. ყველაზე ხშირად არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი დისციპლინურ პასუხისმგებლობადაკისრებული და კარანტინში განთავსებული პატიმრები ხდებიან. მათი თქმით, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სამარტოო საკანში გადაყვანის ნაცვლად, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, პატიმართა უმეტესობა ე. წ. «ბოქსში» გადაჰყავთ («ბოქსი», დაახლოებით, 2-3 კვ.მ ფართის მქონე საკანია, რომელშიც არც  მაგიდა დგას, არც სკამი და არც საწოლი და  დასჯილ პატიმრებს ათავსებდნენ საცვლებისამარა, ფეხშიშვლებს, 3-დან 24 საათამდე ხანგრძლივობით).

ე. წ. ბოქსებში ყოფნისას ადმინისტრაციის თანამშრომლები იატაკზე წყალს ასხამდნენ, რომ პატიმრებს წამოწოლის საშუალება საერთოდ მოსპობოდათ. პატიმართა გადმოცემით, ისინი თავს იკავებენ ყოველდღიური გასეირნებისგან, რადგან ყოველი გადაადგილება შესაძლებელია დაწესებულების თანამშრომლებთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ისინი კი, ვინც მაინც სარგებლობს ამ უფლებით, აღნიშნავენ, რომ, თუ სეირნობისას ერთი პატიმარი მაინც დაარღვევს შინაგანაწესს (მაგალითად, მიესალმება სხვა პატიმარს), მთელი საკანი ისჯება და საკანში ბრუნდება. ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებითს დაწესებულებაში ზემოაღნიშნული პრაქტიკის არსებობა  დაადასტურა მონახულებული პატიმრების უმრავლესობამ (მონახულებულ იქნა დაახლოებით 600 პატიმარი), რაც განსაკუთრებით დამაჯერებელს ხდის აღნიშნულ ფაქტებს, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებითი დაწესებულება დახურული ტიპისაა, სადაც სხვადასხვა საკანში განთავსებულ პატიმრებს არანაირი კონტაქტი არ აქვთ ერთმანეთთან.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველს არაერთი კოლექტიური თუ ინდივიდუალური განცხადებით მიმართეს ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში განთავსებულმა პატიმრებმა. ისინი საუბრობდნენ თავიანთი უფლებების უხეშ დარღვევასა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობაზე. რთული მდგომარეობა იყო დაწესებულების საკარანტინე ნაწილშიც, სადაც ახლადშეყვანილ პატიმრებს ათავსებენ.

პატიმრების თქმით, კარის ყოველი გახმაურებისას მათ აიძულებენ, თავზე ხელებდაწყობილები დადგნენ ფანჯრისკენ სახით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმემ ვერ მოასწრო საწოლის მეორე სართულიდან დროულად ჩამოსვლა და ადმინისტრაციის მიერ მითითებულ მდგომარეობაში დადგომა, მთელი საკანი ისჯება. პატიმართა თქმით, ამ შემთხვევაში დასჯა გულისხმობს მათ დაჩოქებას თავზე ხელებდაწყობილ მდგომარეობაში, რაც 1-2 საათიც კი გაგრძელებულა.

პატიმრები ასევე აღნიშნავდნენ, რომ კარანტინის საკნიდან შემოწმებაზე გასვლისას თანამშრომლები მათ მუცელში ან გვერდებში იდაყვებს ურტყამენ. პატიმრების განცხადებით, მდგომარეობის გაუარესება 2011 წლის ივლისიდან დაიწყო, რასაც პატიმრების უმრავლესობა დირექტორის შეცვლას უკავშირებს.

ყველაზე ხშირად პატიმრები არასათანადო მოპყრობის ფაქტების მონაწილედ ასახელებდნენ დაწესებულების დირექტორს, დიმიტრი ჯიჭონაიას. ასევე აღნიშნავდნენ, რომ განსაკუთრებული «აქტიურობით» ამ მხრივ გამოირჩეოდა დაწესებულების სოციალური სამსახურის უფროსი ირაკლი ჯიშკარიანი. სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა მოუწოდა სასჯელაღსრულებითს, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სასწრაფოდ გაეტარებია ყველა საჭირო ღონისძიება ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე დაეყენებია ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც პატიმრებს არასათანადოდ ეპყრობოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამარტოო საკნებში მონიტორინგის დროს საგრძნობლად ციოდა, რადგან, პატიმართა განმარტებით, აბანოს დღეებში (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი) ცენტრალური გათბობა საღამომდე არ ირთვება.

დაწესებულებაში გამეფებულ შიშის სინდრომზე მეტყველებს ისიც, რომ, პატიმრების თქმით, ისინი უკიდურესი საჭიროების შემთხვევაშიც კი ერიდებიან სამედიცინო დახმარების მოთხოვნას. ერთ-ერთი პატიმრის თქმით, იგი მანამ ერიდებოდა ექიმის დაძახებას, სანამ მდგომარეობა არ გაურთულდა და სასწრაფოდ საოპერაციო არ გახდა.

სახალხო დამცველის მონიტორინგის ფარგლებში, გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ თავად პატიმრებიც.

გიორგი .:

«საკნის ჩხრეკის შემდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა გამომიყვანეს საკნიდან, ადმინისტრაციის თანამშრომელმა რომან რობაქიძემ დამიწყო ცემა, შემდეგ კი სპეცრაზმის თანამშრომლებს უბრძანა, ქვედა სართულზე, «ბოქსში» ჩემი ჩაყვანა. «ბოქსებში» ყოფნისას მაიძულებდნენ, დავმდგარიყავი მუხლებზე. ამის შემდეგ გადამიყვანეს სამარტოო საკანში, სადაც ვიმყოფებოდი 2 დღე, შემდეგ კი შემიფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა 1 თვის ვადით».

გოგიტა .:

«ჩემს საკანში შემოვიდა სპეციალური დანიშნულების რაზმისა და ადმინისტრაციის დაახლოებით 15 თანამშრომელი, მათ შორის _ დიმიტრი ჯიჭონაია, მიშა გიგაური, რომან რობაქიძე, აჩიკო ტაბატაძე და ვინმე მამუკა. ჩაატარეს ჩხრეკა, რის შემდეგაც ცემით გამატარეს ე. წ. კორიდორში, შემდეგ კი დამიწყეს ცემა, რა დროსაც გონება დავკარგე. ამის შემდეგ გონზე მოსასვლელად დამასხეს წყალი, ხოლო შემდეგ ჩამიყვანეს «ბოქსებში», სადაც შიშველ მდგომარეობაში 7 საათი გამაჩერეს».

19 აპრილს ქუთაისში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სახალხო დამცველის შეხვედრისას, გაზეთმა «P.შ.»-მა ჰკითხა გიორგი ტუღუშს, თუ რა შედეგი მოჰყვა ანგარიშის გამოქვეყნებას #2 სასჯელაღსრულებითს დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისთვის; განსაზღვრულია თუ არა ამ დაწესებულების მორიგი მონიტორინგი.

გიორგი ტუღუშმა ასე გვიპასუხა: «იმედს ვიტოვებ, რომ გაცილებით მკაცრი რეაგირება მოყვება ამას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, ვინაიდან არასათანადო მოპყრობა _ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და მათი სამსახურიდან დათხოვნას არ უნდა ითვალისწინებდეს. #2 სასჯელაღსრულებითი დაწესებულება სახალხო დამცველის ანგარიშში პირველად არ მოხვედრილა. 2009 წლიდან ხვდება ის ჩვენს ანგარიშში. საინტერესო ის არის, რომ გასულ წლებში პატიმრები ანონიმურად გვესაუბრებოდნენ პრობლემებსა და უფლებების დარღვევებზე, თუმცა გამკაცრებული რეჟიმის ხარჯზე და შიშზე პატიმრები  საუბარს ახლაც ერიდებიან. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ აღნიშნული საპატიმროთი დაინტერესებას და სულ მალე კვლავ მოხდება მონიტორინგი, გავიგებთ, რა შეიცვალა. ადგილობრივი სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც აქვთ უფლება, შევიდნენ ციხეში და გაიგონ საერთო მდგომარეობა», _ აცხადებს ტუღუში.

გაზეთი «P.S

 

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა