შენელებული მოქმედების “ციანიდის საქმე”
ზომა
A

პარასკევი, 17 მარტი / 2017 11:54

ციანიდის საქმემთავისი დამანგრეველი როლი უკვე შეასრულა, ოღონდ, ამ ნივთიერებისგან განსხვავებით, მისი ეფექტი, მყისიერი კი არა, ხანგრძლივი და შენელებული მოქმედების ნაღმის მსგავსია.


რამდენს არ ეცადნენ ლიბერალებად სრულიად უსამართლოდ შერაცხილი ახალი თაობის მებრძოლი ათეისტები (აქ, ალბათ, ბრჭყალები უნდა გამომეყენებინა, მაგრამ ისე ზუსტად პასუხობენ გამოთქმის შინაარსს, ბრჭყალები, ვფიქრობ, სრულიად უადგილოა) მართლმადიდებლობის დაცინვას და მასხრად აგდებას, მაგრამ “ჯიპიანი მამაოს” თემა ვერ იქცა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედით ლოზუნგად.

ლოზუნგებმა – “საქართველო შევარდნაძის გარეშე” და “აჭარა აბაშიძის გარეშე” _ თავის დროზე წარმატებას აზიარა ავანტიურისტი სააკაშვილი, მაგრამ ამ წარმატებაში მეტი წვლილი თვითონ შევარდნაძესა და აბაშიძეს ჰქონდათ შეტანილი. არც ერთმა და არც მეორემ რევოლუციონერებს “საკრალური მსხვერპლი” არ მიართვეს და სისხლის დაუღვრელად წავიდნენ.

წამოზრდილმაკმარელებმავერ გარისკეს მამა-მარჩენლის ლოზუნგის გადამღერება _ “ეკლესია ილია მეორის გარეშედა, ვლადიმერ ულიანოვივით, “სხვა გზით წავიდნენ”, მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების გზას დაადგნენ და მართლმადიდებელ ეკლესიას სიწმინდის საფარვლის ჩამოგლეჯა დაუპირეს. მართლაც, თუ ეკლესიასა და მღვდელმთავრებში სიწმინდე არ ყოფილა, რატომ უნდა ენდო მათ? რატომ უნდა ჩააბარო აღსარება? რატომ უნდა გჯეროდეს მათი სიტყვის?

პარალელურად ამკვიდრებდნენ აზრს, რომ “მართლმადიდებელი მრევლი ბნელია”. ქვისა და წვეთი წყლის პრინციპით მოქმედებდნენ და სულ უფრო ემსგავსებოდნენ პირველი თაობის ბოლშევიკებს. ტროცკის დღევანდელი მემკვიდრეები ერთი-ერთში იმეორებდნენ, საზოგადოდ, რელიგიის წინააღმდეგ მის მიერ დამკვიდრებულ მეთოდებს, თუმცა გლდანის ეკლესიის კარიბჭის შელეწვამ ყველას (ან ბევრს) დაანახვა, რომ “ვარდების” სახელით მოსული გაავებული ბრბო ქვეყანას კარგს არაფერს უქადდა.

ვითომდა სეკულარიზმის პრინციპის ერთგული “კმარაზიტები” ხელიდან არ უშვებდნენ შემთხვევას, რომ ეკლესიის საქმეებში ჩარეულიყვნენ. ინტელექტუალობის პრეტენზიის მქონენი კი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ მართლმადიდებლობის მოსასპობად არაფერზე დაიხევდნენ უკან. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ იდეებმა პოპულარობა ვერ მოიპოვა. ვერც რუსეთთან ლოიალობის თემამ იმუშავა, რადგან არ არსებობს ერთი საკითხიც, რომელშიც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს რომელიმე ინტერესი დაეთმოს რუსეთთან ერთმორწმუნეობის მიზეზით. პირიქით _ ყველაზე მძიმე მომენტში, როდესაც საქართველოს საერო ხელისუფლებამ დაკარგულ ტერიტორიაზე დაღუპული სამხედროები უპატრონოდ დატოვა, მათი ცხედრები სწორედ ეკლესიის საჭეთმპყრობელმა და მღვდელ-ბერმა გადმოასვენა.

სააკაშვილი მაშინაც აეტორღიალა წასულ მატარებელს, როდესაც პერევიდან პატრიარქის თხოვნით გასულ რუსულ ჯარს გზაში დააწია, პატრიარქი “ჩემი დავალებით მოქმედებდა”-ო. ყველაფერი მეტად მარტივი იყო. ავტორიტეტებთან მებრძოლმა სააკაშვილმა ეკლესიის ავტორიტეტს ვერაფერი დააკლო დასხვა გზით წავიდა” _ ცალკეული იერარქების მოსყიდვა-გადაბირების გზით. სქემა ასეთი იყო: აჩუქე ჯიპი (და სხვა ქონება) და მერე გაუთავებლად ილაპარაკეჯიპიან მამაოებზე”(!). როდესაც მეუფე ამბიონიდან ეწევა წინასაარჩევნო აგიტაციას და ეპარქია პოლიტიკოსების პლაკატებით აქვს მოფენილი, როდესაც თვალს ხუჭავს სისასტიკესა და უსამართლობაზე, როდესაც პირადი ფუფუნება და სიმდიდრე აღარ იმალება, იქ კარგს არაფერს უნდა ელოდე. წმინდა წერილი ნათლად აჩვენებს, რომ ადამიანი და მისი ვნებები არ იცვლება, ეპოქის მიუხედავად; იცვლება გადაადგილების საშუალებები და, თუ ადრე ჯორზე მჯდომი ეპისკოპოსი იყო იმჟამინდელ რევოლუციონერთა თავდასხმის ობიექტი, ახლა ჯიპში მსხდომი მამაოები არიან. არადა, ერთი სრულიად არარელიგიური პერსონაჟი გვასწავლიდა, რომ ავტომობილი გადაადგილების საშუალებაა და არა ფუფუნება.

ამ დუნედ მიმდინარე და არცთუ შედეგიანი კამპანიაში დიდი არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ, აი, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, მერაბიშვილის ტრადიციის თანახმად, “ციანიდის საქმე” პირდაპირ ეთერში “გახსნა” და გამჭვირვალედ მიანიშნა, რომ დეკანოზი გერმანიაში პატრიარქის მოსაკლავად მიდიოდა. მოგვიანებით ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც გამოვიდნენ განცხადებებით, რომ “უდიდესი ტრაგედია” აიცილეს თავიდან. კიდევ ცოტა ხანში ყველამ უარყო, რომ პატრიარქის მოწამვლაზე იყო საუბარი.

ადვოკატები იმუქრებიან, რომ, თუ დეკანოზს არ გაათავისუფლებენ და საქმეს არ დახურავენ, მთელი სინოდის დაკითხვას მოითხოვენ სასამართლო პროცესზე. “ჩადებებს” მიჩვეული საზოგადოება ციანიდის ჩადებაზე ლაპარაკობს. ჩანაწერებში ნათქვამი “შორენა მარილზე უნდა გავიდეს” მრავალგვარ ინტერპრეტაციას განიცდის და გვარწმუნებენ, რომ “მარილზე გასვლა” მოკვლას არ ნიშნავს.

როგორც ხშირად მომხდარა, წვრილმანებზე დავისას იკარგება მთავარიის, რაც ყველაზე დამაზიანებელია ერისთვისაც და ბერისთვისაც. თუ სასულიერო პირს ვინმეს მოკვლის განზრახვა შეიძლება ჰქონდეს, მაშინ რატომ უნდა ენდო მათ? რატომ უნდა ჩააბარო აღსარება? რატომ უნდა გჯეროდეს მათი სიტყვის? ასეთ საჩუქარზე, ეკლესიასთან მებრძოლ ათეისტებს რომ ჩაუვარდათ (თუ ჩაუგდეს?) ხელში, ოცნებაც კი არ შეეძლოთ.

საზოგადოდ, ყველა ხელისუფლებას, განსაკუთრებით დღევანდელს, სჭირდება ხალხის მზარდი უკმაყოფილების რომელიმე გამარჯვებით ჩაწყნარება. და რა უნდა იყოს იმაზე დიდი გამარჯვება, ვიდრე “მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის” თავიდან აცილებაა?! სააკაშვილის პერიოდშიც და ახლაც ხომ მართლმადიდებელი ეკლესია უპირობო ლიდერია ხალხის ნდობის თვალსაზრისით.

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ერთი ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: წმინდა მეფემ, დავით წინასწარმეტყველმა ასე თქვა: მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. წარმოიდგინეთ, დავით მეფე ამბობს: მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. ეს მან თქვა იმიტომ, რომ მრავალი განსაცდელი შეხვდა. ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ შვილმა უღალატა, მაგრამ მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა. მწუხარება სიხარულით შეიცვლება და ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ მწუხარება სიხარულით შეცვალოს”.

ზოგმა ამ განცხადებაში პატრიარქის ძმისშვილი იგულისხმა, ზოგმაც _ ფართო გაგებით ყველა მორწმუნე – პატრიარქის სულიერი შვილები, თუმცა განა გასაკვირია, რომ ეკლესიის საჭეთმპყრობელს “მოეწყინოს”? თითქმის 40 წლის განმავლობაში გაწეული ღვაწლი და შრომა, ეკლესიის გაძლიერებისთვის გაღებული მსხვერპლი და ბევრის დათმენა წყალში გადაყრის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახსოვს მოკლული პატრიარქები, ნაწამები და გასრესილი სასულიერო პირები, დაობლებული ეპარქიები, დაკეტილი და დანგრეული ეკლესია-მონასტრები. იყო ჟამი, როცა სულ რამდენიმე ათეული ანაფორიანი ადამიანი იყო დარჩენილი საქართველოში. ზოგი ტყეში იმალებოდა, ზოგიმივარდნილ მონასტერში, დახვრეტილ და გაპარსულ მღვდლებზე რომ არაფერი ვთქვათ. იმ მძიმე ჟამს ეკლესიის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა. და სწორედ იმ ერთეულმა სასულიერო პირებმა მოიტანეს დღემდე ეკლესია.

სადაც არის ცოცხალი ადამიანი, იქ არის ბრძოლა დაწინაურებისთვის, ბობოქარი ადამიანური ვნებები და ეს არც ეკლესიისთვის არის უცხო. მთავარია, სად გადის ზღვარი, რომლის გადაბიჯების უფლება არათუ სასულიერო პირს, არამედ საეროსაც არ აქვს! “მეუფე ყანდურებზე” პირველად სწორედ “საქართველო და მსოფლიო” წერდა და არა ეკლესიასთან ბრძოლის, არამედ მის რიგებში უღირსთა მხილების მიზნით. დრო გადიოდა და ყველაფერი ისევ ისე რჩებოდა. ჭირმა კი თავი არ დამალა და, თუციანიდის საქმესარა მხოლოდ საერო, არამედ სასულიერო სჯულის კანონით არ გაეცემა პასუხი, შენელებული მოქმედების ნაღმი უთუოდ ამოქმედდება.

ახალ რუის-ურბნისის კრებაზე, უკვე კარგა ხანია, ლაპარაკობენ. ვინ უნდა გამართოს იგი? მეუფე ყანდურებმა? საერო ხელისუფლებამ? დღეს ისეთი პირები იჩემებენ სიმართლისთვის დასჯილის მანტიას, ვისაც ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. ჯერ “რუსთავი 2-”ის სკანდალი არ ჩამცხრალა და საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” თანამშრომლები მოითხოვენ მეუფეს დაბრუნებას დირექტორად. საერთოდაც, რატომ უნდა იყოს ტელევიზიის დირექტორი მიტროპოლიტი? თუმცა ქვეყანაში, სადაც გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილეათავისუფალი სიტყვის ფლაგმანისგენერალური დირექტორი, იქ აღარაფერი უნდა გიკვირდეს.

ვინც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში “რეფორმატორულ ფრთაზე” ლაპარაკობს, მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მის წიაღში არც ერთი არ არის მარტინ ლუთერი და არც საქართველოს ეკლესიაა ვატიკანი. საერო ხელისუფლების მხრიდან იმ საკითხებში ჩარევა კი, რომლებზეც მას წარმოდგენაც არ აქვს, კარგით არაფრით დამთავრდება თვით ხელისუფლებისთვის.

დღეს მავანი ქირქილებს, _ რაც ვერ გაბედა სააკაშვილმა, ის გაბედა ივანიშვილმაო. ეს მინიშნებაა ეკლესიის საქმეებში ჩარევაზე, უფრო მძაფრადპოლიტიკური ბანაკების მხრიდან საკუთარი კანდიდატურის პატრიარქის ტახტზე ასაყვანად ბრძოლაზე. სააკაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრს შეასწრო გერმანიაში, პატრიარქის პალატაში. მისი ერთგული მეუფეები დაუფარავად ლაპარაკობენ პატრიარქის გარემოცვაზე, “რუხ კარდინალებზედა მუქარასაც არ ერიდებიან. გაისმის ხმები იმაზეც, რომ პატრიარქმა ახლავე უნდა დაასახელოს მემკვიდრე. არადა, კარგად იციან, რომ საბოლოოდ, პატრიარქი კენჭისყრით აირჩევა და იგი შეიძლება სულაც არ იყოს დასახელებული მემკვიდრე.

თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე იხსენებს: “1943 წლის იანვარში 77 წლის კათალიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე შეუძლოდ გახდა, ავადმყოფობა ხუთ თვეს გაგრძელდა... ოდნავ მომჯობინებულ საჭეთმპყრობელს ურჩიეს სასწრაფოდ საყრდენი ეპისკოპოსის კურთხევა. მანაც იმავე წლის 23 მაისს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად აკურთხა ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარი დიმიტრი (ლაზარიშვილი), რომელიც 1947 წელს 58 წლისა გარდაიცვალა. განსვენებულს წესი აუგო უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ, რომელმაც ამის შემდეგ კიდევ ხუთ წელს იცოცხლა”...

მარხვისას მრავლის შემცოდენი ამას ვერ მიხვდებიან, ისევე, როგორც მებრძოლი ათეისტები; ვერც იმას გაიგებენ, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და მისი ერთიანობა გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის (სასულიერო პირისაც) კეთილდღეობა. მაღალი იერარქებიც და ჩვენც მოკვდავნი ვართ, მართლმადიდებელი ეკლესიაა მარადიული. და, თუ მარადიულობასა და წარმავალობას შორის სხვაობას საერო ან სასულიერო პირები ვერ აცნობიერებენ, დღეს მაინც იმოქმედონ ისე, თითქოს ეს მათი უკანასკნელი დღეა.

ნანა დევდარიანი

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა