შაიბუ, შაიბუ!
ზომა
A

პარასკევი, 17 მარტი / 2017 11:32

ანუ რომელ ფედერაციას რა თანხით აფინანსებს სპორტის სამინისტრო


რამდენჯერმე ვცადე, ტელევიზიითა და ინტერნეტით ბეისბოლისთვის მეყურებინა. წესებში ასე თუ ისე გავერკვიე, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, რატომ მოსწონთ ოკეანის გაღმა ეს სპორტი ასე ძალიან და რატომ ჰყავს მას მილიონობით გულშემატკივარი. სავარაუდოდ, ამერიკელებიც ვერ ხვდებიან, რატომ მოგვწონს ჩვენ ფეხბურთი, მათთვის სოკერად წოდებული, და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბეისბოლი ამერიკული სპორტია. საზოგადოდ, ბეისბოლისთვის ინფრასტრუქტურა რომ განვითარდეს საქართველოში, სპეციალური სტანდარტების სტადიონებია ასაშენებელი, რადგან ამ თამაშს ვერც საფეხბურთო მოედანზე ითამაშებ და ვერც სარაგბოზე, თანაც არ მსმენია, საქართველოში ბეისბოლზე ვინმე დადიოდეს, თუმცა...

ოფიციალური მონაცემებით, სოციალურ დახმარებასა და საარსებო შემწეობას საქართველოში 700 ათას ადამიანზე მეტი იღებს, სოციალური დახმარება კი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ამის მიუხედავად, შარშან სპორტის სამინისტრომ ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაცია 40 ათასი ლარით დააფინანსა. ერთი შეხედვით, ეს ბევრი არ არის, მაგრამ ეს ერთი შეხედვით, რადგან მართლა ვერ გეტყვით, რისთვის დაიხარჯა აღნიშნული თანხა და ეს ყველაფერი არ არის.

ოფიციალური მონაცემებით, რომლებიც სპორტის სამინისტრომ გამოგვიგზავნა, საქართველოში თურმე ჰოკეის ფედერაციაც არსებობს. უფრო ნათელი სურათი რომ შეგექმნათ, გეტყვით: არსებობს ბალახისა და ყინულის ჰოკეის ფედერაციები და ეს ფედერაციები სპორტის სამინისტრომ აღიარა. იმ ფედერაციებს კი, რომლებსაც სპორტის სამინისტრო აღიარებს, აფინანსებს კიდეც. ასე მიიღო შარშან ჰოკეის ფედერაციამ სახელმწიფოსგან 136 083 ლარი, ხოლო, სავარაუდოდ, გაითვალისწინეს, რომ ჩვენში ბალახი უფრო მეტია, ვიდრე ყინული და ყინულის ჰოკეის ფედერაციას 40 ათასი ლარი აკმარეს. ჰოკეისა და ჰოკეისტების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ საქართველოში ყინულის ჰოკეის მოედანი არ მინახავს (არც გაზეთის რედაქციის არც ერთ მრავლისმნახველ თანამშრომელს), არც სანაცნობო-სამეგობროში მყავს ვინმე, ვინც ან თვითონ არის ჰოკეისტი ან შვილი დაჰყავდეს სპორტის ამ სახეობაზე და არც ის მსმენია, რომელიმე დარბაზიდან მაყურებლის ხმამაღალი შეძახილი გამოსულიყოს: “შაიბუ, შაიბუ!”

სპორტის სამინისტროს შესაბამის კომისიას აღიარებული აქვს ისეთი ფედერაციები, როგორებიც არის ტაიკრივისა და კიკბოქსინგის, კარატეს, კონტაქტური კარატეს, საბრძოლო ხელოვნებათა, ხრიდოლის, ტრიატლონის, ტაეკვანდოს, უშუს, ათლეტიზმის, კიუკუშინკაი კარატეს, საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და ნარდის ეროვნული ფედერაციაც კი. მესმის, რომ ყველა თავის ჭიას ახარებს, მაგრამ... საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაცია წლიურად 3000 ლარით ფინანსდება. იცით, რა არის საინტერესო? _ ამ ფედერაციას ჰყავს პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ვიცეპრეზიდენტი... ეს ხალხი ხელფასს იღებს, ანუ თანხა მხოლოდ ხელფასებზე რომ გადავანაწილოთ და მხოლოდ ამ სამ ადამიანზე, თვეში ასი ლარიც არ გამოდის... თუ ეს ყველაფერი ქაღალდზე არსებობს, ან არ არსებობს?! მოკლედ, ფედერაციას, რომელსაც სამი ათასი ლარით აფინანსებ, ან საერთოდ უნდა შეეშვა, ან მეტი უნდა მისცე. ისე, უძლიერეს მამაკაცებთან ყველაზე ახლოს ათლეტიზმია და ეს ფედერაცია შარშან 35 822 ლარით დაფინანსდა.

ყველას, ალბათ, გახსოვთ, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი. ნოდარი ყველაზე პერსპექტიულ სპორტსმენად მიიჩნეოდა ამ სახეობაში და მაშინ ითქვა, რომ მისი ხსოვნის პატივსაცემად სპორტის ეს სახეობა განვითარდებოდა. ჰოდა, “განვითარება” სამინისტროს წლიურად 99 762 ლარი უღირს.

სხვათა შორის, სამბო ოლიმპიური სახეობა არ არის. სამბოს ძიუდოდან წასული სპორტსმენები ჭიდაობენ ძირითადად და, მართალია, ტურნირებიდან მედლები მოგვაქვს ხოლმე, რეალობა მწარეა _ არაოლიმპიური სახეობა პოპულარული არ არის და მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა თუ აქცევს სპორტის ამ სახეობას ყურადღებას. ამის მიუხედავად, სამბოს ფედერაციას წლიურად 643 ათასი ერგო, რაც მცირე თანხა ნამდვილად არ არის.

მთამსვლელთა და მეკლდეურთა შორის რა განსხვავებაა, სავარაუდოდ, პროფესიონალი მთამსვლელები და მეკლდეურებიც ვერ გვეტყვიან, მაგრამ ცალ-ცალკე ფედერაციები არსებობს და, შესაბამისად, მთამსვლელთა ფედერაცია წლიურად 156 ათას ლარზე მეტს იღებს, მეკლდეურები კი _ 157 ათასზე მეტს.

ბავშვობაში ბადმინტონი, ალბათ, ყველას გითამაშიათ. ეს ბავშვობაში, თორემ გვეეჭვება, შემდეგ სპორტის ეს სახეობა პროფესიად გაგეხადათ და ვარჯიში დაგეწყოთ. საქართველოში კი ბადმინტონის ფედერაციაც გვაქვს და წლიურად მისი შენახვა 50 ათას ლარამდე გვიჯდება. ჰო, სწორედ ჩვენ გვიჯდება, რადგან ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება...

გასული წლის ანგარიში იმიტომ წარმოგიდგინეთ, რომ ფედერაციების წლევანდელი დაფინანსების ოდენობა წლის ბოლოს იქნება ცნობილი. ამის მიუხედავად, სპორტის სამინისტროდან იმ ფედერაციების ჩამონათვალიც მოგვაწოდეს, რომლებიც წელს აღიარეს და, შესაბამისად, დაფინანსებასაც მიიღებენ. თუ შარშან 63 ფედერაცია აღიარა სპორტის სამინისტრომ, წელს ეს რაოდენობა ათით გაიზარდა და ისეთი უმნიშვნელოვანესი ფედერაციები დაემატა და დაფინანსდა, როგორებიც არის ბიატლონის, ბოდიბილდინგისა და ფიტნესის, საქართველოს გირის სპორტის, მასრესლინგის, ბაგირის გადაწევისა და კროსფიტის (ძალისმიერი ფიტნესის), გოლფის, კომპიუტერული სპორტის, მფრინავი დისკოს, შაშისა და ჩერლიდინგის ფედერაციები. რა თქმა უნდა, ბალახისა და ყინულის ჰოკეი ისევ აღიარეს. მეტი თვალსაჩინოებისთვის, სპორტის სამინისტროდან გადმოგზავნილ-დაფინანსებული და წელს დასაფინანსებელი ფედერაციების ჩამონათვალს უცვლელად გთავაზობთ.

ბესო ბარბაქაძე

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა