“ქამრების შემოჭერის” პრინციპი საქართველოს ხელისუფლებაში
ზომა
A

პარასკევი, 17 მარტი / 2017 11:20

სახელმწიფო მოხელეებმა 1250 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის 20-ჯერ მეტი თანხა დახარჯეს _ 25 500 ლარი


ქამრების შემოჭერა” _ ეს არის პირველი ადეკვატური ნაბიჯი, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა დაზარალდა კურსის ცვლილების გამო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მთავრობა ვალდებულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების კუთხით გადადგას შემხვედრი ნაბიჯი. ამას აქვს ორმაგი დატვირთვა _ პირველ რიგში, ეს არის მორალური ნაბიჯი, მეორე რიგში _ ეს არის ეკონომიკური კუთხით გადადგმული ნაბიჯი”, _ განაცხადა ლარის კურსის ცვლილებაზე საუბრისას საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის თებერვალში. მას შემდეგ ორი წელიწადი გავიდა, ლარის კურსი უფრო დაეცა, გაძვირდა საწვავი, შესაბამისად, პროდუქტები და სამომხმარებლო საგნები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასქამრების შემოჭერისაარაფერი დასტყობია _ კვლავ გრძელდება პრემია-დანამატების გაცემა, უცხოეთში ვოიაჟები ბიუჯეტის ხარჯზე, ჯიპებით სეირნობა და ..

2016 წელს, 2015-თან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების _ გუბერნატორების _ ადმინისტრაციებში გაცემულმა პრემიებმა და სახელფასო დანამატებმა მოიმატა: 2015 წელს 1,1 მლნ ლარი გაიცა, 2016 წელს კი _ 1,3 მლნ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი საპრემიო თანხა 65415 ლარი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიცა.

საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გამოცხადებულიქამრების შემოჭერაფარსი რომ არის, ამას მოწმობს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალაც, რომელშიც აღწერილია, როგორ დახარჯეს სახელმწიფო მოხელეებმა თუშეთის მოსახლეობისთვის განკუთვნილი 1250 ლარის ღირებულების კვების პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის 25 500 ლარი, ანუ 20-ჯერ მეტი (!).

“ახმეტის გამგეობამ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 25 პირს, საახალწლო საჩუქრების სახით, საკვები პროდუქტების პაკეტები 21 თებერვალს (? _ ლ.მ.) გადასცა. დაახლოებით 1250 ლარის ღირებულების პროდუქტების ვერტმფრენით გადატანისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 500 ლარი დაიხარჯა. პროდუქტების გადაცემის მიზეზით თუშეთში გაფრინდნენ ახმეტის გამგებელი, მისი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატი, პოლიციის უფროსი, მისი მოადგილე და სხვ”. _ წერს კახეთის საინფორმაციო ცენტრი. აღსანიშნავია, რომ მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც მომღერლებიც ახლდათ, პროდუქტების ჩატანის შემდეგ კარგად მოულხინეს.

ახმეტის გამგეობამ თუშეთში მცხოვრები 16 წლამდე უდედმამო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სასურსათო პაკეტების შეძენის მიზნით ტენდერი 2016 წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა.

ტენდერში გაიმარჯვა დიმიტრი გურაბანიძემ, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება 2742 ლარზე. ახმეტის გამგეობამ კი პროდუქტები 2016 წლის 28 დეკემბერს შეიძინა.

თითოეული ბენეფიციარისთვის უნდა შეეძინათ შემდეგი პროდუქტები: 3,5 კგ შაქრის ფხვნილი, 5 კგ მაკარონი, 1 კგ კარამელი, ზეთი, 1,5 კგ შოკოლადი, 1 კგ ორცხობილა, 100 გრ ნალექიანი და 100 გრ უნალექო ყავა.

პროდუქტები თუშეთში 2017 წლის 21 თებერვალს ვერტმფრენით ჩაიტანეს. ამისთვის კი შპს “ავიაკამპანია თუშეთს” 25 500 ლარი გადაუხადეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

25 ადამიანის დაახლოებით 1250 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 20-ჯერ მეტი თანხა _ 25500 ლარი.

გავრცელებული ინფორმაციით, თუშეთში მცხოვრებთათვის პროდუქტების ვერტმფრენით გადატანის “ოპერაციაში” მონაწილეობდნენ: ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდური; გამგებლის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი; გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი არსენ ბუღრიძე; ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი. “მისიაში”, აგრეთვე, მონაწილეობდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და მისი მოადგილე გიორგი აბულაშვილი. მათ ახლდნენ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი და ოპერატორი, აგრეთვე, მომღერლები _ ლელა ნაყეური, ია ქირიკაშვილი და პაატა კარხილაური. თუშეთში სტუმრად ჩასულმა სახელმწიფო მოხელეებმა გულიანად მოილხინეს”.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თუშეთის მოსახლეობას სულ მიაწოდეს 7500 ლარის პროდუქტები, მათი ტრანსპორტირებისთვის კი 100 099 ლარი დაიხარჯა, ანუ 13,4-ჯერ მეტი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ამა წლის 11 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და აღმასრულებელი ორგანოების (გამგეობა, მერია) თანამდებობის პირების სამსახურებრივ ტრანსპორტზე გაწეულმა საბიუჯეტო ხარჯებმა, საერთო ჯამში, 1 992 932 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან 1 506 929 ლარი საწვავის შესაძენად დაიხარჯა, 486 003 ლარი კი _ ავტომობილების შესაკეთებლად და სათადარიგო ნაწილების შესაძენად.

აი ასე “შემოიჭირეს ქამრები” კახეთის რეგიონის მაღალჩინოსნებმა და, ალბათ, მომავალშიც ასე განაგრძობენ.

ლუკა მაისურაძე

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა