გაიმეორებს თუ არა ივანიშვილი იანუკოვიჩის შეცდომებს?
ზომა
A

ოთხშაბათი, 15 მარტი / 2017 00:34

“ევრომაიდანის” გამარჯვების შემდეგ, რომელმაც სტარტი მისცა უკრაინის დაშლას და ომის დაწყებას, სამი წელი გავიდა და მედია ამ თემისადმი მიძღვნილი საინტერესო პუბლიკაციებით გაივსო. უკრაინული საზოგადოება ყურადღებით ეცნობა 2014 წლის მოვლენების მონაწილეების მოგონებებს და ცდილობს, იპოვოს პასუხი კითხვაზე _ შესაძლებელი იყო თუ არა ეროვნული კატასტროფის თავიდან აცილება?


ყველაზე საინტერესო ამ მხრივ, ალბათ, 2014 წლის 21 თებერვლის შემდგომი მოვლენების ანალიზია, რადგან იმ დღეს, დილით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უცხოელი მედიატორების თანდასწრებით (და მათი ზეწოლის პირობებში) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც დეესკალაციას, გარდამავალი მთავრობის ფორმირებას, საკონსტიტუციო რეფორმის დაწყებასა და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებდა. ეს დოკუმენტი არასრულყოფილი იყო, თუმცა ნამდვილად ტოვებდა იმის შესაძლებლობას, რომ შემდგომი პროცესები მშვიდობიანად, კანონიერების ფარგლებში განვითარებულიყო.

მაგრამ იმავე დღეს, საღამოს, ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ამ შეთანხმების შესრულებაზე უარი თქვა, ულტიმატურად მოითხოვა იანუკოვიჩის გადადგომა და სამთავრობო შენობების დაკავება დაიწყო, ხოლო პრეზიდენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაფრინდა.

მომდევნო დღეს, 22 თებერვალს, დაახლოებით 17 საათზე, უმაღლესმა რადამ ვიქტორ იანუკოვიჩი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენა და დესტრუქციულმა პროცესებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მაგრამ ამ მომენტამდე დარჩენილ საათებში ჯერ კიდევ არსებობდა შესაძლებლობა, რომ დარეგულირება 21 თებერვალს ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე მომხდარიყო.

როგორც ცნობილია, შეთანხმებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც მისი მონაწილე ორივე მხარის უკან გარკვეული ძალა დგას. ოპოზიციას ზურგს “ევრომაიდანი”, აშშ-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა, ქვეყნის დასავლეთი რეგიონებისა და დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის სიმპათიები უმაგრებდა, ამასთანავე, ის საინფორმაციო სივრცეში დომინირებდა. იანუკოვიჩის ხელისუფლება ნაწილობრივ პარალიზებული იყო იმ ჩინოვიკების მიერ, რომლებიც ფარულად ოპოზიციის მხარეზე თამაშობდნენ, მაგრამ ძალოვანთა მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ერთგული რჩებოდა, ნაწილი კი დაბნეული იყო (მაგრამ ოპოზიციის მხარეზე არ გადადიოდა). ამ დროს პრეზიდენტს სჭირდებოდა იმის დემონსტრირება, რომ მის უკან სერიოზული პოლიტიკური ძალა და მოსახლეობის მხარდაჭერა იდგა. ამ რესურსის მოძიება მას მხოლოდ “რეგიონების პარტიაში” და აღმოსავლეთ უკრაინაში შეეძლო. 22 თებერვალს ხარკოვში უნდა გამართულიყო სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინისა და ყირიმის დეპუტატების ყრილობა, რომელზეც იანუკოვიჩი გამოსვლას გეგმავდა. ეს ყრილობა მართლაც გაიმართა, მაგრამ პრეზიდენტი მას არ დასწრებია. არადა, იქვე, ხარკოვში, სამთავრობო რეზიდენციაში იმყოფებოდა. თუ ამას გააკეთებდა, ყველა დაინახავდა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო შენობებს კიევში “ევრომაიდნის” აქტივისტები აკონტროლებენ, იანუკოვიჩი აღმოსავლეთ უკრაინის პოლიტელიტასა და მოსახლეობის უმრავლესობას ეყრდნობა და ის კვლავინდებურად უმაღლესი მთავარსარდალია. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ტურჩინოვმა, რომელიც 2014 წლის 22 თებერვალს პარლამენტის ახალ სპიკერად აირჩიეს, 23-ში კი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დააკისრეს, ახლახან “ცენზორ.ნეტ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იანუკოვიჩის გადაბარგება აღმოსავლეთში, მისი ადმინისტრაციის იქ გადატანა ძალიან სერიოზულ საფრთხეებს უკავშირდებოდა, რომელთა ბლოკირება მას არ შეეძლო. ეს, დიდი ალბათობით, აიძულებდა ოპოზიციას, 21 თებერვლის შეთანხმების კალაპოტში დაბრუნებულიყო ან დაეწყო ღია სამოქალაქო ომი, რომლისთვისაც სათანადო რესურსი იმ დროს არ ჰქონდა. კიევში გულის ფანცქალით ელოდებოდნენ, რა მოხდებოდა აღმოსავლეთში და იანუკოვიჩი მხოლოდ მას შემდეგ გადააყენეს, როდესაც ცხადი გახდა, რომ ყრილობა ხარკოვში უშედეგოდ დასრულდა.

ზოგადად, პრობლემები ვიქტორ იანუკოვიჩს მას შემდეგ შეექმნა, რაც მან სცადა აღმოსავლეთ უკრაინის ოლიგარქების აქტივები დონეცკის ოლიგარქიული კლანების, უპირველეს ყოვლისა კი, საკუთარი ოჯახის სასარგებლოდ გადაენაწილებინა. სწორედ ამიტომ მიემხრო ოლიგარქების დიდი ნაწილიევრომაიდანს”, რომელსაც მხარში ამოუდგა დასავლეთიც და კორუფციისგან თუ სოციალური პრობლემებისგან გადაღლილი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც. ამ ტრიადიდან თუნდაც ერთი ელემენტის ამოვარდნა ოპოზიციის მოწადინებას, დიდი ალბათობით, უშედეგოს გახდიდა და ამის თვალსაჩინო ილუსტრაციას ჩვენ ვხედავთ დღეს, როდესაც უკრაინელი პოლიტიკოსების ნაწილი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ამაოდ ცდილობს, კიევში მორიგიმაიდანიააგოროს. სწორედ ოლიგარქებმა (და მხოლოდ ნაწილობრივ უცხოელებმა) უზრუნველყვეს იანუკოვიჩის ხელისუფლების შიგნითმეხუთე კოლონისგაჩენა და ამ თემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კავშირი ცნობილ ოლიგარქ იგორ კოლომოისკისა და ხარკოვის ოლქის იმჟამინდელი ხელმძღვანელ მიხეილ დობკინსა და ქალაქის თავკაც გენადი კერნესს შორის, რომელთა ტერიტორიაზე 2014 წლის 22 თებერვალს უნდა გამართულიყო აღმოსავლეთ უკრაინის დეპუტატების ყრილობა.

სწორედ აქ ვიქტორ იანუკოვიჩმა დაუშვა საბედისწერო შეცდომა, რომელმაც მომდევნო კატასტროფა გარდაუვალი გახადა. ყრილობა დონეცკში რომ გაემართა, სადაც სიტუაციას თითქმის 100%-ით აკონტროლებდა, მოვლენები, სავარაუდოდ, მისთვის სასურველი სცენარით განვითარდებოდა. მაგრამ ამაზე წინასწარ არ იზრუნა. ხოლო როდესაც 21 თებერვალს დობკინის და კერნესის მიერ შექმნილმა “უკრაინულმა ფრონტმა” განაცხადა, რომ ეს ყრილობა 22-ში ხარკოვში ჩატარდება, იანუკოვიჩმა ჩათვალა, რომ ეს მისთვის კეთდებოდა და ვერ იგრძნო, რომ ამ მომენტში ინიციატივა წაართვეს და, მარტივად რომ ვთქვათ, მოატყუეს.

მიხეილ დობკინი მოგვიანებით იხსენებდა, რომ ხარკოვში ჩასული იანუკოვიჩი გამუდმებით საუბრობდა იმაზე, რომ საჭიროა პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა, რომ მას აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების გარანტიები აქვს, რომ ყრილობის წინაშე გამოსვლა “ხალხს ჩვენს ძალას დაანახვებს”... “ის არ აპირებდა, ქვეყნის ნაწილის პრეზიდენტი გამხდარიყო, ბოლომდე ხედავდა საკუთარ თავს ერთიანი უკრაინის პრეზიდენტად”, _ იხსენებს დობკინი (ლბ.უა). ამის შემდეგ კი მოხდა უპრეცედენტო რამ _ ხარკოვის გუბერნატორი დობკინი, მისივე თქმით, მივიდა დასკვნამდე, რომ იანუკოვიჩის მისვლა დეპუტატების ყრილობაზე არასასურველია. ის პირდაპირ ამბობს “ლბ.უა”-სთვის მიცემულ ინტერვიუში: “მისი იზოლირება ვცადე”. დობკინი ცდილობდა, დაერწმუნებინა იანუკოვიჩი (და მისი შვილი ალექსანდრე), რომ ყრილობაზე არ მისულიყო, ხოლო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გაჯიუტდა, უთხრა, რომ მის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, რაც, ფაქტობრივად, მუქარის ტოლფასი იყო. ასეთ ვითარებაში იანუკოვიჩმა ყრილობაზე მისვლა არ გარისკა, ვიდეომიმართვა ჩაწერა და დატოვა ხარკოვი, რამდენიმე დღეში კი _ უკრაინის ტერიტორია.

ფაქტობრივად, “რეგიონების პარტიისელიტის უდიდესმა ნაწილმა ახალ ხელისუფლებასთან გარიგებაზე წასვლა ამჯობინა და ამას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა. მოხდარეგიონალებისსერიოზული დისკრედიტაცია აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის თვალში და ინიციატივა არასისტემური ლიდერების ხელში გადავიდა _ დაიწყო ე.წ. “სახალხო გუბერნატორების” არჩევა, “სახალხო რესპუბლიკების” შექმნა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ “რეგიონალები” დაეხმარნენ ახალ ხელისუფლებას შეენარჩუნებინა კონტროლი აღმოსავლეთის რიგ ოლქებზე (მათ შორის, ხარკოვში), დონეცკი და ლუგანსკი მათ დაკარგეს. ამასთანავე, მოსკოვი დარწმუნდა, რომ უკრაინულ პოლიტიკურ ელიტაში ძლიერი და სანდო პარტნიორები არ ჰყავს და გადაწყვიტა, თავისი ინტერესები ყირიმში საკუთარი ძალებით უზრუნველყოს. ხარკოვის ყრილობის ჩაშლიდან ხუთიოდე დღეში დაიწყო ყირიმის კრიზისი და შეუქცევადი პროცესები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში და ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, უკრაინის ეროვნული კატასტროფით დაგვირგვინდა, რომელსაც ორი მთავარი “თანაავტორი” ჰყავს _ “ევრომაიდნის” ლიდერები და “რეგიონების პარტიის” კორუმპირებული ელიტა.

ვიქტორ იანუკოვიჩი ძალიან სუსტი პოლიტიკოსი გახლდათ, რომელმაც, როგორც ჩანს, ვერ გაიგო ის, რაც ცხადი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო. ჩინოვნიკისა და პოლიტიკოსის მუდმივი ლოიალობა, მითუმეტეს ტოტალურად კორუმპირებულ ქვეყანაში, აბსოლუტურად გამორიცხულია. აღმოჩნდა, რომ ის მრავალწლიანი თანამშრომლობა, რომელიც იანუკოვიჩს დობკინთან და ასეულობით სხვა მოღვაწესთან აკავშირებდა, მათი დანიშვნა გუბერნატორებად, მინისტრებად და ა.შ., გარკვეულ გარემოებებში არაფერს ნიშნავს. “რეგიონალების” ელიტამ, უბრალოდ, გაყიდა ძველი ლიდერი, ისე, რომ წარბიც არ შეუტოკდა და, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს საბოლოოდ დაიკარგა 2014 წლის 21 თებერვლის შეთანხმების რეალიზების შესაძლებლობა, რომელიც რთულ, მაგრამ მშვიდობიან დარეგულირებას ითვალისწინებდა. ამის შემდეგ დაირღვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გაუთავებელი სისხლისღვრა დაიწყო.

საქართველოში, ისევე, როგორც უკრაინაში, ხელქვეითების ერთგულება მუდმივ შემოწმებას, ხელისუფლების პირველი პირის მიერ პერმანენტული ტესტების ჩატარებას მოითხოვს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყნის უკლებრივ ყველა მმართველი ამ მოსაზრების სისწორეში დარწმუნდა _ გამსახურდიაც, შევარდნაძეც, სააკაშვილიც და იგივე, სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან ივანიშვილსაც მოუვა. სწორედ ისტებლიშმენტის უდიდესი ნაწილის მზადყოფნა, სარფიანად გაყიდოს ხელისუფლების პირველი პირი, გარე ძალებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მართვას უმარტივებს და “ფერადი რევოლუციების” თითქმის უპრობლემო მოწყობის შესაძლებლობას აძლევს _ მათი ძალა ჩვენი ელიტის სისუსტეში მდგომარეობს.

ლუკა ნემსაძე

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა